„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სჯერა, შინაგან საქმეთა სამინისტრო „მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როცა იყენებდა ამ საშუალებებს“.
მისივე თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციები კანონსაწინააღმდეგო იყო, ასეთ დროს კი „პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის ისეთი, რომლებიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ“.
„პიროტექნიკასაც რომ აქვს მავნე თვისებები, ახლავე შეგიძლიათ, გადაამოწმოთ – იმ დახურულ სივრცეში ამ მასშტაბის პიროტექნიკას რა შეიძლება, გამოეწვია ადამიანისთვის“, – ამბობს სარჯველაძე.
„ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „აბსოლუტურად მცდარია და მტკნარი ტყუილია“.
„ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს მოხდა ამის გამოფრქვევა და აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს მიმართა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუკი ვინმეს აქვს რამე საჭიროება, რომ გამოკვლეულ იქნეს, სამედიცინო პერსონალი, კლინიკები, ყველანი მზად არიან, რომ ინდივიდუალურად შეფასებები გააკეთონ. მაგრამ რამე საგანგაშო მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც ვინმეს უნდა პანიკა აეტეხა და ეთქვა, რომ ქიმიურ ნივთიერებაზე ეჭვი მივიტანოთ და გამოკვლევები ჩატარდესო – აქ ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია.
რა კონკრეტული ნივთიერება შეისყიდა, როდის შეისყიდა და როგორია მისი ფორმულა და მახასიათებელი – ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე მჯერა და მგონია, რომ შსს მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როცა იყენებდა ამ საშუალებებს“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.