„ქართული ოცნების“ პარლამენტში განათლების კომიტეტზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც შსს-ს აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აკადემიაში დაინერგება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა.
პროგრამა მოიცავს ფიზიკურ და თეორიულ მომზადებას საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის დადგენილი წესებს, გაივლის შემოწმებას და ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს.
აკადემიაში სწავლა უფასო იქნება. კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტებს უზრუნველყოფენ კვებით, უნიფორმით, სასწავლო მასალითა და ინვენტარით. აკადემიას ექნება საერთო საცხოვრებელიც.
პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება რიგითის წოდება, ხოლო კურსდამთავრებულს – ლეიტენანტის.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მათ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოუწევს.
კომიტეტზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა:
„ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 5-წლიანი ვალდებულება იყოს ჩადებული. სქემა ასეთია: სამი წელი უნდა ისწავლოს შსს-ს აკადემიაში, რომელსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია დაერქმევა, 3 წლის შემდეგ უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასაქმოს შსს-ს სისტემაში.
სახელმწიფომ ამხელა რესურსი ჩადო კონკრეტული ადამიანის აღზრდასა და მისი უნარების გამომუშავებაში, ეს რესურსი რომ არ დაიკარგოს, ბუნებრივია, გარკვეული ვალდებულებები უნდა ჩაიდოს. თუკი ვთქვათ ის დატოვებს სისტემას, ამ შემთხვევაში, უნდა აანაზღაუროს ის ხარჯები, რაც სახელმწიფომ გასწია“, – განაცხადა დარახველიძემ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 50 სტუდენტს მიიღებენ. სტუდენტები ძირითად დროს აკადემიის ტერიტორიაზე გაატარებენ, მთელი დღის განმავლობაში გაივლიან სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ და თეორიულ მომზადებას.