შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით 2008 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ბრალდებული ნ.ი. დააკავეს, ხოლო მისი ძმა, 2009 წელს დაბადებული ნ.ი. ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, საიდანაც 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიას ჩააბარეს.
სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.