არასამთავრობოები OPCW-ის დირექტორს: განიხილეთ ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმართეს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს „2024 წელს დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით“.

ორგანიზაციების განცხადებით, მათ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს.

„რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები გამოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები – სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაც. რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს.

სუსის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა „დასკვნამ“ პასუხების ნაცვლად შეკითხვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ  საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუსმა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება  შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში? გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა“, – წერია განცხადებაში.

ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ორგანიზაციები მოუწოდებენ:

„OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად“.

ორგანიზაციების განცხადებით, მათი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საფარი
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  3. საქართველოს ევროპული ორბიტა
  4. პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
  5. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT)
  6. დემოკრატიის მცველები
  7. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. საქართველოს მომავლის აკადემია
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  11. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

6 დეკემბერს სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა პროპილფენ გლიკოლის ხსნარი.

ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.

მისივე თქმით, BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სუსმა BBC-ის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო 319-ე, ასევე 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.