ბოლო მონაცემებით, 16 სამედიცინო მუშაკია კორონავირუსით ინფიცირებული

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, 16 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული.

„უკვე გვყავს 16 დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდან. არ ვასახელებ ახლა. ეს ადამიანები რომ ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ მერე 3-4 კვირა. ეს კადრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია , მე მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის ექიმები, ისინი თუ „ჩაგვიწვნენ“, მერე ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს.

ამიტომ, რაც ნაკლები გადამდები და ინფექციის გამავრცელებელი იქნება ამ ქვეყანაში, ჯანდაცვის სისტემა იქნება უფრო ძლიერი და უფრო ადვილად მოუვლის იმ საშუალო სიმძიმის პნევმონიასა და მსუბუქ შემთხვევებს. ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ, სამედიცინო პერსონალს უნდა მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ გახდება საჭირო სამხედრო ჰოსპიტლის მოწყობა, გამყრელიძე პასუხობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

„ჩვენ ომში ვართ დღეს, ასეთი პანდემია 1918 წლის მერე არ ახსოვს მსოფლიოს, „ღორის გრიპი“ არ შეედრება ამას. სიკვდილობა ბევრად მეტია, თუ სიკვდილიანობა ჩინეთში დასაწყისში 2-3% შორის მერყეობდა, ახლა 5-6% შორის მერყეობს და ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცის სისტემით, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი 10-12% შორის არის სიკვდილიანობა“,- ამბობს გამყრელიძე.