სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სინდისის პატიმრების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას (Amicus Curiae) წარადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
ომბუდსმენის თქმით, შეისწავლეს 8 მსჯავრდადებულის საქმე, საიდანაც 3 საქმეში პროცესუალური დარღვევები აღმოაჩინეს.
„დაახლოებით 8 მსჯავრდადებულის საქმე შევისწავლეთ, აქედან 3 მსჯავრდადებული შემთხვევაში აღმოვაჩინეთ პროცესუალური დარღვევები, რაზეც მივმართავთ სასამართლოს მეგობრის პოზიციით და ამ დარღვევებზე ვისაუბრებთ.
თუ საქმეში არის პროცესუალური, არსებითი დარღვევები, ამ შემთხვევაში მივუთითებთ სასამართლოს, რომ ყურადღება გაამახვილოს ამ დარღვევებზე, როგორიც, მაგალითად, იყო, ახობაძის და სხვა კიდევ ორი პირის შემთხვევაში – არ იყო საქმეზე დამაგრებული ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა პროცედურული დარღვევებით.
ანალოგიურად, სხვა საკითხებზე როდესაც ვხედავთ ასეთ დარღვევებს და ვნახეთ ასეთი დარღვევები ამ ადამიანების საქმეებში, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო სასამართლოს მეგობრის სტატუსით და მივუთითო ამ გარემოებებზე“, – თქვა იოსელიანმა.
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოსამართლემ სამივე მათგანი ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მიიჩნია.
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 და 11 პირის საქმეები სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
მსჯავრდადებულების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.