სახალხო დამცველი პროტესტის შემზღუდავ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წარადგენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც გასაჩივრდება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული პროტესტის შემზღუდავი ცვლილებები.

როგორც იოსელიანმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სარჩელის წარდგენა წელს, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება, ხოლო, თუ მოესწრება, წელსვე წარადგენენ.

ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ ცვლილებებში პროპორციულობისა და თანაზომადობის პრობლემას ხედავს და ეცდება, ეს ცვლილებები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

„მაგალითად, ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ყველანაირი ნიღბის ტარება ბლანკეტურად აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მე ვფიქრობ, ეს არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში. და ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის. არსებობს ნიღაბი, რომელიც რელიგიური ატრიბუტია ვიღაცისთვის.

არა მარტო ამაზე, არამედ სხვა ცვლილებებზეც მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ, წელს, ალბათ, ვერ მოესწრება ან, თუ მოესწრება, შეიძლება, წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული. არამარტო შეკრების და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებზე, არამედ იცით, ჯარიმების რაოდენობაც რომ გაიზარდა, უალტერნატიოდ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდა.

პროპორციულების და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ ჩვენ, უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება, ამიტომ თვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ.

ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. სარჩელის მომზადება სულ რამდენიმე დღეში დასრულდებადა წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსკტიტუციო სასამართლოში“, – თქვა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების არგუმენტს, რომ თვეების განმავლობაში ჯარიმებმა პრევენცია ვერ მოახდინა, ვერ იმუშავა ეფექტურად და რეგულაციების გამკაცრება ამიტომ გახდა საჭირო, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ რაღაც გადაცდომის, დარღვევის, თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება, მთელ ქვეყანაზე განზოგადდეს და ყველას შეეხოს.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვერაფერი უნდა შეეხოს,  მეორე საკითხია, როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს.

„ის, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ბუნებრივია, ამას წესით ვერაფერი უნდა შეეხოს. მეორე საკითხია, სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს. თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, აქვთ სრული ლეგიტიმურობა გადაკეტონ როგორც საფეხმავლო, ისე სატრანსპორტო სავალი ნაწილი. მაგრამ თუ ასეთი რაოდენობა არ არის, მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

[…] ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების უფლებების შემცირების, შელახვის ხარჯზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე, მნიშვნელოვანია ის პროპორციულობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

[…] რაოდენობას კანონმდებლობა ვერ დააკონკრეტებს, ეს ძალიან პირობითია. შეიძლება, ერთი ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი იყოს 500 ადამიანი, ხოლო მეორესთვის ეს ციფრი არაფრის მომასწავებელი არ იყოს. კონკრეტულ ადგილს გააჩნია, ადამიანების რაოდენობას გააჩნია, იმ გარემოსაც, სადაც პროტესტი მიმდინარეობს. მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა“, – თქვა ომბუდსმენმა.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.

თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

იქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები – 174-ე პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
  • თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;