ტროტუარზე დგომის საქმეებზე დღევანდელი სასამართლო პროცესებიც იანვრისთვის გადაიდო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტროტუარზე დგომის საქმეზე აქციის მონაწილეთა დღევანდელი პროცესებიც იანვრისთვის გადაიდო.

ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეებმა დღეს 10-ზე მეტი მოქალაქის საქმე განიხილეს.

მათ შსს ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.

მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დაიწყო მიხეილ ზაქარეიშვილის საქმის განხილვა.

შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ პროცესზე განაცხადა, რომ 17 დეკემბერს პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარის დატოვებისკენ მოუწოდა. მიხეილ ზაქარეიშვილის განცხადებით კი, თუ ასეთი მოწოდება იყო, არ ნიშნავს, რომ ის ამ მოწოდებით იხელმძღვანელებდა.

ზაქარეიშვილი პოლიციის ასეთ მოწოდებას უკანონოდ მიიჩნევს და აღარ აპირებს, უკანონო მოწოდებებს დაემორჩილოს მას შემდეგ, რაც 20 ნოემბერს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის მოწოდებას დაემორჩილა, თუმცა მაინც დააკავეს.

ამის შემდეგ მიხეილ ზაქარეიშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელსაც მან ტროტუარზე გადაადგილებისას დაბრკოლება შეუქმნა.

შსს-ს იურისტის, ბუბა ნაჭყებიას განმარტებით, იმისთვის, რომ ამ მუხლით კვალიფიკაცია მოხდეს, არ არის საჭირო, დადგეს შედეგი.

„თუ არც არავინ არ იარსებებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალდარღვევას არ სჩადიხართ“, – თქვა იურისტმა.

მიხეილ ზაქარეიშვილის პროცესი ზვიად ცეკვავამ 13 იანვრისთვის გადადო.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დაიწყო გუგა სულხანიშვილის საქმის განხილვა.

მან შსს-ს დაავალა, წარადგინოს, აქციის დღესთან დაკავშირებით რა გაფრთხილებები შევიდა შსს-ში. მოსამართლეს მორიგი სხდომის თარიღი არ განუსაზღვრავს.

მოსამართლე კაპანაძემ ასევე დაიწყო მიხეილ ნაყეურის, გიორგი სტეპანოვის, ნიკა ბერიძის საქმეების განხილვა, თუმცა სამივე სხდომა განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა მარიამ მაძღარაშვილის, სანდრო მირცხულავას, მაია თურმანიძის საქმეები.

სანდრო მირცხულავას საქმეზე ენუქიძემ შსს-ს დაავალა, წარდგინოს ზედხედით გადაღებული ვიდეო, ისეთი ხანგრძლივობის, სადაც მირცხულავას აღქმაა შესაძლებელი.

„რამდენიმეწამიანი ვიდეოა წარმოდგენილი. იმ ვიდეოში ვარ მე და იქ ჩანს, რომ არის საკმაოდ დიდი აქცია, მაგრამ ეს არ არის იმ სიმჭიდროვის აქცია, რომ ხალხს დაბრკოლება შეექმნას, იქ მოძრაობენ ჩვეულებრივ მოქალაქეები. იმ ვიდეოში მე განაპირა მხარეს ვდგავარ, ეს სუბიექტური შეფასება არ არის, ამას წარმოაჩენს ეს ვიდეომტკიცებულება“, – აღნიშნა თავად მირცხულავამ.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მისი პროცესი 21 იანვარს, 13:20-ზე გადადო. რაც შეეხება მაია თურმანიძეს, მისი პროცესი 22 იანვრისთვის გადაიდო.

მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა სანდრო მეგრელიშვილის, დიმიტრი ჯამბურიას, ლუკა ნაგლიაშვილის საქმეები.

სანდრო მეგრელიშვილის პროცესი მოსამართლემ გადადო, რადგან ადვოკატი საქმის მასალებს არ იცნობდა.

რაც შეეხება დიმიტრი ჯამბურიას, ისიც 17 დეკემბრის შემთხვევაზე იყო დაბარებული.

პროცესის წინა დღეს, 25 დეკემბერს, დიმიტრი ჯამბურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 20-წლიანი მუშაობის შემდეგ „გამოცდების ეროვნული ცენტრიდან“ გაათავისუფლეს.

„20 წლის მუშაობის შემდეგ დღეს იყო  „გამოცდების ეროვნული ცენტრში“ ჩემი მუშაობის ბოლო დღე.

…სამწუხაროდ, ახლა სასამართლოში მიწევს ჩემი სიმართლის და უფლებების დაცვა. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. ისე, რა კარგია, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო აღარ ხდება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება და ტროტუარზე დგომის გამო არ იჭერენ ხალხს“, – დაწერა მან 25 დეკემბერს.

ლუკა ნაგლიაშვილის პროცესი 20 იანვარს, 15:00 საათისთვის გადაიდო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაიწყო ნუკრი კაკულიასა და ნათია ჭავჭანიძის საქმეების განხილვა. ნუკრი კაკულიას პროცესი 13 იანვარს, ხოლო ნათია ჭავჭანიძის პროცესი 15 იანვრისთვის გადაიდო.

ტროტუარზე დგომის საქმეები ჩანიშნულია 29 დეკემბერსაც.

სასამართლომ 25 დეკემბერს განხილული 5 საქმეც იანვრისთვის გადადო.