„ბინაში მოტყუებით აიყვანეს და 6 000 ლარი გამოსძალეს“ - შსს-მ ორი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს. მ.წ-ს ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა.“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.