20 ივნისის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

გიორგი გახარიას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა ორ სისხლის სამართლის საქმეზე – ჩორჩანის ეპიზოდსა და 20 ივნისის ღამის მოვლენებზე. გიორგი გახარია, რამდენიმე თვეა, საზღვარგარეთ იმყოფება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა, შემდეგ კი გახარიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.

მოსამართლემ დაუშვებლად მიიჩნია დაცვის მხარის  წარდგენილი მტკიცებულებები – საუბარია „ოცნების“ ლიდერების განცხადებები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ და ბოლო პერიოდში.

„ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულება. 2024 წლის 21 ოქტომბერს როგორც დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებდა სასამართლო მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, რომ ამ საქმეზე არ დაერთო ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურის, თეა წულუკიანის, მამუკა მდინარაძისა და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები, რასაც ისინი ჯერ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აკეთებდნენ და შემდგომ უკვე რა განცხადებებს აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ დაურთეს სისხლის სამართლის საქმეს… ეს გადაწყვეტილება მიღებულია ერთადერთი მოტივაციით, რომ ამ საქმიდან გააქრონ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ამ ქვეყანაში რეალურად დააორგანიზეს 20 ივნისი“, – აცხადებს გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა.

საქმის პროკურორი, მარიამ გიგაური აცხადებს, რომ განცხადებები, რომელთა დართვაც დაცვის მხარეს სურდა, საქმეს არ ეხებოდა და პოლიტიკური შეფასება იყო.

„მტკიცებულება არის დადასტურებული ინფორმაცია და არა კონკრეტული პირების შეფასება. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მტკიცებულებების ამორიცხვაზე, რადგან არ ეხებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან, მხოლოდ და მხოლოდ შეფასებას წარმოადგენდა.

ვინაიდან, ჩვენ, მტკიცებულებების საფუძველზე ვუშვებთ საქმეს სასამართლოში, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოეთხოვა, შესაბამისად ეს გარემოება სასამართლომაც გაიზიარა. მტკიცებულებები სასამართლოზე იქნება გამოკვლეული”,- განაცხადა მარიამ გიგაურმა.

20 ივნისის საქმის არსებითი განხილვა 22 ინვარს დაინიშნა.

ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამ საქმეზე ბრალდება ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით აქვს წარდგენილი.