ევრონიუს ჯორჯია: შეიცვლება ფორმატი, აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო კონტენტზე

პუბლიკა

„ევრონიუს ჯორჯია“ აცხადებს, რომ ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას. შესაბამისად, მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება.

„ევრონიუს ჯორჯია“ საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ 2019 წელს დააფუძნეს. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია.

კომპანიის განცხადებით, „გრძელვადიანი განვითარების გეგმის ფარგლებში Euronews რეგულარულად ახდენსსარედაქციო, საოპერაციო და ბიზნეს მოდელების გადახედვას, აუდიტორიის მოლოდინებთან, მომხმარებლის ინტერესებთან და საერთაშორისო მედიის განვითარების ფართო ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“.

„შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება.

განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე.

ეს მიდგომა პირდაპირ პასუხობს აუდიტორიის ქცევის ცვლილებასა და მრავალპლატფორმიან ჩართულობას და ამავე დროს უზრუნველჰყოფს უფრო ეფექტურ და მომავალზე ორიენტირებულ სტრუქტურას“. – ნათქვამია „ევრონიუს ჯორჯიას“ განცხადებაში.