„გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს შორის გამართულ საუბარსა და ჯგუფურ ძალადობას ან/და ჯგუფურ მოქმედებას შორის”, – წერს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა.
სახალხო დამცველის აპარატმა ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეისწავლა და სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების „დაუსაბუთებლობის თაობაზე” საუბრობს. ამავე დოკუმენტში ასევე განხილულია საკითხი ზვიად ცეცხლაძის ბრალდების ნაწილშიც, რაზეც „პუბლიკა” სხვა დამოუკიდებელ მასალას მოამზადებს.
ომბუდსმენი წერის, რომ „საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძისა და ზვიად ცეცხლაძის მიმართ გამოძიების წარმოების დროს, ბრალის დადასტურების მიზნით, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ ინფორმაცია არ იქნა მოპოვებული ყველა შესაძლო წყაროდან და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი – 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კასრაძე-კაძელაშვილისა და ცეცხლაძის ნაწილში არ დაადგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვდა. მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ ჯგუფურ მოქმედებას. ორგანიზებად კი მიიჩნია სამივე მათგანის მიმართ საქმეში არსებული ვიდეოები, ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთები; გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამატებით, რაიმე სახით ჰქონდა თუ არა ადგილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, მოსამართლე არ მიუთითებს.
რას წერს ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში – ძირითადი ასპექტები:
„მათი ქმედება გამოიხატა მხოლოდ ერთმანეთში პირად, პირისპირ კომუნიკაციაში”.
„არ გამოკვეთილა სხვა პირებთან კომუნიკაცია და საუბარი, მითითებების/დავალებების მიცემა”.
„ბრალდების მხარე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებად მიიჩნევს მხოლოდ ზემოაღნიშნულ პირადი ხასიათის საუბარს”.
„მათი საუბარი არის ზოგადი ხასიათის კერძო კომუნიკაცია და რაიმე სახის კონკრეტიკას არ მოიცავს…”.
„მათი საუბარი შეეხება სხვა ლოკაციებზე კონკრეტული პირების საკუთრების ხელყოფის ეფექტიანობის შესახებ ჰიპოთეტურ საუბარს და რომელთა რეალიზების მიზნით, სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მათ მიერ რაიმე სახის ქმედება არ განხორციელებულა”.
„არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებისთვის ან სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ცნობილი იყო ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული საუბარი და მისი შინაარსი”.
„გამოძიების მიერ არ არის მოპოვებული მტკიცებულება და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, რომ 28 ნოემბრისა და 3 დეკემბრის პერიოდში [განვითარებული მოვლენები] სწორედ მათი საუბრის შედეგი იყო”.
„გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს შორის გამართულ საუბარსა და ჯგუფურ ძალადობას ან/და ჯგუფურ მოქმედებას შორის”.
ვრცლად, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებზე:
„როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენიდან იკვეთება, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. გამოძიების მასალებითა და სასამართლოს მიერ განხილული მტკიცებულებებით, მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა მხოლოდ მათ მიერ პირად, პირისპირ კომუნიკაციაში. გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა მათ მიერ სხვა ქმედების განხორციელების ფაქტი, მათ შორის, არც სხვა პირებთან კომუნიკაცია და საუბარი, მითითებების/დავალებების მიცემა ან/და სხვა ქმედება, რომლის გარეშეც ვერ განხორციელდებოდა სხვა პირების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურად დარღვევის ჩადენა.
აღსანიშნავია, რომ ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ბრალი ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. სააპელაციო საჩივარში ბრალდება ასევე ითხოვს კვალიფიკაციის დამძიმებას და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. ბრალდების მხარე, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს და სააპელაციო სასამართლოშიც ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებად მიიჩნევს მხოლოდ ზემოაღნიშნულ პირადი ხასიათის საუბარს.
ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ბრალდების ნაწილში მხარეების მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეულ იქნა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებული ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც დადებულია ვიდეოში ასახულ პირებს შორის საუბრის წარწერები – ე. წ. „ტიტრები“ . ვიდეო ჩანაწერზე ასახულნი არიან, ბრალდების მხარისა და სასამართლოს პოზიციით, მსჯავრდებულები და კიდევ ერთი, გამოძიებით დაუდგენელი პირი (რომლის ვინაობაც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ დადგენილი არ არის და არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა, მისი იდენტიფიცირებისა და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით), რომლებიც საუბრობენ მხოლოდ ერთმანეთში.
ხსენებულ ვიდეოჩანაწერში ასახული პირები არ ახსენებენ კონკრეტული დანაშაულებრივი, ძალადობრივი ქმედების დაგეგმვისა თუ განხორციელების თარიღზე, არც იმაზე საუბრობენ, გაიცა ან იგეგმება თუ არა/როდის ცალკეულ პირებზე ამა თუ იმ დავალების/მითითების (თუნდაც ვიდეოში ნახსენები ქმედების ჩადენის შესახებ) მიცემა, ან კონკრეტულად, ვინ, როდის, სად, რა იარაღის, ხერხისა თუ მეთოდის გამოყენებით უნდა განახორციელოს ჯგუფური ძალადობა ან/და სხვა დანაშაულებრივი ქმედება, იქნება ეს სხვა პირზე თავდასხმა თუ სხვისი ქონების დაზიანება. მათი საუბარი არის ზოგადი ხასიათის კერძო კომუნიკაცია და რაიმე სახის კონკრეტიკას არ მოიცავს, რაც საფუძვლიანს გახდიდა ეჭვს, მათი მხრიდან დაორგანიზებული დანაშაულის მომავალში განხორციელების საფრთხის შესახებ.
გამოძიების მიერ არ ყოფილა მოპოვებული და შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებისთვის ან სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ცნობილი იყო ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული საუბარი და მისი შინაარსი.
ამასთან, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ასახული საუბარი შეეხება არა უშუალოდ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციასა და აქციის მიმდინარეობის ლოკაციას (საქართველოს პარლამენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის ძალადობრივი ქმედების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარემოებებსა და მითითებებს), არამედ, სხვა ლოკაციებზე, კონკრეტული პირების საკუთრების ხელყოფის ეფექტიანობის შესახებ ჰიპოთეტურ საუბარს და რომელთა რეალიზების მიზნით, სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მათ მიერ რაიმე სახის ქმედება არ განხორციელებულა.
გამოძიების მიერ არ არის მოპოვებული მტკიცებულება და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, რომ ვიდეო ჩანაწერში ასახული პირების საუბარი, რომელიც 2024 წლის 2 დეკემბერს განთავსდა ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდზე, კონკრეტული ძალადობრივი ქმედების განხორციელებამდე ცნობილი იყო კონკრეტული პირებისათვის და 2024 წლის 28 ნოემბრისა და 3 დეკემბრის პერიოდში განხორციელებული საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა ან/და ჯგუფური ძალადობის რომელიმე ფაქტი სწორედ მათი საუბრის შედეგი იყო. ასევე, არ არის დადგენილი, რომ კონკრეტული ჯგუფური ძალადობრივი ქმედება ან/და ჯგუფური ქმედება, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არ განხორციელდებოდა სწორედ მითითებული სამი პირის საუბრის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, ამ სამი პირის პირადი საუბარი როგორ იყო დაკავშირებული 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტებთან ან/და სხვა რომელიმე ქმედებასთან.
ამასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ, საქმის მასალების თანახმად, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და დაუდგენელ მესამე პირს შორის საუბარი, სხვა ადამიანებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2024 წლის 2 დეკემბერს „იმედის“ ფეისბუკ გვერდზე ატვირთვის შემდეგ, როდესაც სამ პირს შორის გამართული პირადი ხასიათის საუბრის შინაარსი ხელმისაწვდომი გახდა პირთა შეუზღუდავი წრისთვის.
მიუხედავად ამისა, გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებისა და განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, განხორციელდა 2024 წლის 2 დეკემბრამდე თუ 2024 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მათ შორის გამართული პირადი საუბარი უკვე ხელმისაწვდომი იყო ფართო საზოგადოებისთვის და პირთა შეუზღუდავ წრეს შეეძლო ენახა და შესაბამისად, ემოქმედა, ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქ გვერდზე მათი საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ.
შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი იქნებოდა მსჯავრდებულების საუბარსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დადგენა, თუ რა გზით გახდა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ან/და საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევის ამსრულებელი პირ(ებ)ისთვის ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილისა და მესამე დაუდგენელი პირის საუბრის შინაარსი…
შესაბამისად, გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულებს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს (ასევე გამოძიებით დაუდგენელ მესამე პირს) შორის გამართულ საუბარსა და ჯგუფურ ძალადობას ან/და ჯგუფურ მოქმედებას შორის. ასეთი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია მიღებულ განაჩენში…
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებისგან ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნა არ მოიპოვება საქმეში, მაშინ, როცა გამომძიებლის პატაკის თანახმად, ხსენებულ ელექტრონულ მოწყობილობებში უნდა ყოფილიყო ინფორმაცია მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის საქმეში არსებულ საინფორმაციო ბარათში ჩამოთვლილია არაერთი პირი, რომლებიც, მათივე განმარტებით, დაკავშირებულნი არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ან არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებთან კავშირზე მყოფი პირები, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესების სანაცვლოდ, ასრულებენ ორგანიზატორების დავალებებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირთაგან არავინ არის გამოკითხული ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის მხრიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მიზნით, მათთან კავშირის დამყარების, კონკრეტული მითითებებისა თუ დავალებების მიცემის ფაქტის დადგენის მიზნით. ხსენებული გარემოებები არც სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის დასკვნაში.
ომბუდსმენი წერს, რომ მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის აუცილებლობაზე, პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობაზე, ასევე, იმსჯელოს ნეიტრალური მტკიცებულებების ყველა შესაძლო შემთხვევაში მოპოვების მნიშვნელობაზე პირის დამნაშავედ ცნობისთვის.