„ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა არ უზრუნველყვეს ნეიტრალური პირის დასწრება, ჩხრეკის პროცესის ვიდეო-აუდიო გადაღება ან სხვა ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა/მოპოვება.
შესაბამისად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით, დაადასტურებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ზვიად ცეცხლაძის საკუთრებაში/ მფლობელობაში არსებობის ფაქტს”, – წერს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა.
სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად ცეცხლაძის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეისწავლა და სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის „დაუსაბუთებლობის თაობაზე” საუბრობს. ამავე დოკუმენტში საუბარია ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ბრალდების საქმეზეც – იხილეთ ბმული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი – 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კასრაძე-კაძელაშვილისა და ცეცხლაძის ნაწილში არ დაადგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვდა. მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ ჯგუფურ მოქმედებას. ორგანიზებად კი მიიჩნია სამივე მათგანის მიმართ საქმეში არსებული ვიდეოები, ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთები; გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამატებით, რაიმე სახით ჰქონდა თუ არა ადგილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, მოსამართლე არ მიუთითებს.
„ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერების და აღნიშნულ ჩანაწერებზე ასახული საუბრის შინაარსიდან, ასევე ზვიად ცეცხლაძესთან მიმართებაში მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ისინი აორგანიზებენ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან”, – წერს მოსამართლე განაჩენში.
რას წერს ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში
სახალხო დამცველი ზვიად ცეცხლაძის ნაწილში ყურადღებას ამახვილებს მისი ბინიდან ამოღებულ ნივთმტიკებებზე, რაც მისი დამნაშავედ ცნობისთვის მოსამართლემ ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენა.
ომბუდსმენი წერს, რომ ვინაიდან ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს ცეცხლაძის ადვოკატს და ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებასაც არ აწარმოებდა პოლიცია, სანდოობის მაღალი ხარისხით, ვერ დასტურდება, რომ ეს ნივთები ზვიად ცეცხლაძის მფლობელობაში იყო.
სხვადასხვა საგანთან ერთად, საქმის მასალების მიხედვით, ბინიდან ამოღებულ ნივთებს შორის იყო – რამდენიმე ათეული კვერცხი, რომლებშიც იყო საღებავი, 3 ცალი სამლიტრიანი პლასტმასის ჭურჭელი მათში არსებული ნავთობპროდუქტების მსგავსი სითხით, 7 ცალი მინის ჭურჭელი მასში არსებული ნავთობპროდუქტების სუნის მქონე სითხით…
„ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა არ უზრუნველყვეს ნეიტრალური პირის დასწრება, ჩხრეკის პროცესის ვიდეო-აუდიო გადაღება ან სხვა ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა/მოპოვება. შესაბამისად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით, დაადასტურებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ზვიად ცეცხლაძის საკუთრებაში/ მფლობელობაში არსებობის ფაქტს”, – წერს ომბუდსმენი.
ვრცლად, ამონარიდები სასამართლოს მეგობრის მოსაზრებიდან:
„…ბინის ჩხრეკის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს პოლიციამ არ უზრუნველყო ვიდეოგადაღება. ბინის ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა, კონსტანტინე კერესელიძემ სასამართლოს წინაშე დაკითხვისას განაცხადა, ბინის ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეოგადაღება საჭიროდ არ ჩათვალა, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდად. გამომძიებელმა, კონსტანტინე კერესელიძემ ასევე აჩვენა, რომ, როდესაც გარე პერიმეტრზე მყოფი კოლეგა შევიდა და მოახსენა ადვოკატის გამოცხადების შესახებ, საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული იყო.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე, გამოძიების მიმდინარეობისას და საქმის არსებითი განხილვის დროს აღნიშნავდა, როდესაც ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა, იგი გამოცხადდა ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე, პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა ადვოკატის მოწმობა და ორდერი, ითხოვდა ზვიად ცეცხლაძის ბინის ჩხრეკაზე დასწრებას, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს დაცვის განხორციელებისა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაცვის მხარე ცდილობდა გამოეთხოვა და სასამართლოსთვის წარედგინა მობილური ტელეფონით გადაღებული მასალა, სადაც, დაცვის მხარის მტკიცებით, ჩანდა, რომ ადვოკატი დავით ჭიკაიძე ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და ითხოვდა საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, კონკრეტული მობილური ტელეფონიდან გამოეთხოვათ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და წერედგინათ მტკიცებულების სახით, არ დააკმაყოფილა, რის საფუძვლადაც მიუთითა, რომ შუამდგომლობით ვერ დგინდებოდა, რა შემხებლობაში იყო გამოსათხოვი ინფორმაცია ზვიად ცეცხლაძის ბრალდებასთან…
[…] ზვიად ცეცხლაძეს, ჰქონდა უფლება, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიეღო მის ადვოკატს. ხოლო ადვოკატისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვებასა და მტკიცებულებად წარდგენას, შესაძლოა ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერების საკითხის განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა. შესაბამისად, ადვოკატისთვის საგამოძიებო მოქმედებაზე – ბინის ჩხრეკაზე დასწრებისთვის სავარაუდო ხელის შეშლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი შესაძლოა ყოფილიყო მისი დაცვის უფლების რეალიზების მნიშვნელოვანი ასპექტი, რისი შესაძლებლობაც სასამართლომ არ მისცა.
…გამომძიებელმა არ უზრუნველყო საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება და, შესაბამისად, საქმეზე ბინის ჩხრეკის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, ხოლო ვიდეოგადაღებისთვის ხელშემშლელი ობიექტური გარემოებები, სისხლის სამართლის საქმის მასალებში და სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა.
საპროცესო კანონმდებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ავალდებულებს ჩხრეკის დროს, უზრუნველყოს ისეთი ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა, რომელიც დაადასტურებს ამოღებული ნივთის კონკრეტული პირის საკუთრებაში/ მფლობელობაში ყოფნის ფაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხი დგება დღის წესრიგში. ჩხრეკაზე მოწმის დასწრების გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმ პირის ნებაზე, რომელთანაც ტარდება ჩხრეკა. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესით ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი არის გამომძიებელი და მან უნდა იზრუნოს მომავალში მტკიცებულების დასაშვებობის პერსპექტივაზე.
ამასთან, გამოძიების მასალებით არ იკვეთება არც ისეთი გარემოებები, რა მიზეზით არ მოხდა ადვოკატ დავით ჭიკაიძის ადგილზე გამოცხადების შესახებ პოლიციის იმ თანამშრომლების მხრიდან გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდება, რომლებიც იცავდნენ გარე პერიმეტრს.
ამდენად, ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას სამართალდამცავმა ორგანოებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეპოვებინათ ჩატარებული ბინის ჩხრეკის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულება და მოეხდინათ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოგადაღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში, იმსჯელოს, რამდენად დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაცვის მხარეს არ მიეცა ნებართვა, მოეპოვებინა საგამოძიებო მოქმედებაში – ზვიად ცეცხლაძის ბინის ჩხრეკაში ადვოკატის მონაწილეობისთვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხელის შეშლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და წარედგინათ სასამართლოსთვის, როგორც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება…
[…] სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზვიად ცეცხლაძის დაცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ზვიად ცეცხლაძეს შეეძლო ჩხრეკის ოქმზე შენიშვნის სახით მიეთითებინა მისი უფლების დარღვევის შესახებ.
ასევე, ზვიად ცეცხლაძეს და მის ადვოკატს შეეძლოთ იგივე შინაარსის შენიშვნა გაეკეთებინათ დაკავების ოქმზეც. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ იმავე არგუმენტაციით, გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძესაც შეეძლო და ვალდებულიც იყო ჩხრეკის ოქმში მიეთითებინა ზვიად ცეცხლაძისთვის მოწმეების მოწვევის შეთავაზების ფაქტი, რაზეც, მისივე განმარტებით, უარი მიიღო, ვინაიდან, ოქმში სრულად უნდა იყოს ასახული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და დეტალები, რაც გამომძიებლის მხრიდან არ განხორციელებულა.
გარდა ამისა, ჩხრეკისა თუ დაკავების ოქმზე შენიშვნის მითითება, ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების, მოცემულ შემთხვევაში, ვიდეო ჩანაწერის, გარეშე ვერ დაადასტურებდა დაცვის უფლების დარღვევის ფაქტს. ხოლო ვიდეო ჩანაწერის მოპოვების შესაძლებლობა, როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის მხარეს არ მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მტკიცებულების არსებობა დასტურდებოდა მოწმის ჩვენებით”, – ვითხულობთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
ომბუდსმენი წერს, რომ მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იმსჯელოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის აუცილებლობაზე, პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობაზე, ასევე, იმსჯელოს ნეიტრალური მტკიცებულებების ყველა შესაძლო შემთხვევაში მოპოვების მნიშვნელობაზე პირის დამნაშავედ ცნობისთვის.