POG: თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით დაზარალებული დაარწმუნეს მათთვის დიდი ოდენობის თანხა გადაეცა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდნენ. აღნიშნული გზით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს 87 000 აშშ დოლარი და 73 400 ლარი გამოართვეს, რაც მოტყუებით მიისაკუთრეს და პირადი მიზნებისთვის, მათ შორის აზარტულ თამაშებში გამოიყენეს”, – წერს პროკურატურა.

როგორც პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ბრალდებულ პირს პროკურატურასთან შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება კი დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება.