ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მომიტინგეების ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს

პუბლიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის და სიკვდილით დასჯის გეგმები არ აქვს.

„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ არსებობს ჩამოხრჩობის გეგმები.

ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ ვცდილობთ სიტუაციის უფრო დაძაბვას, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – თქვა არაღჩიმ.

მისივე თქმით, 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა „ტერორისტებს“ ებრძოდა.

აბას არაღჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომლის მიზანი იყო დიდი მსხვერპლის გამოწვევა.

„როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული ჯგუფები.

ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.

უნდა ავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ დაიწყეს რიგითი ადამიანების მკვლელობები, პოლიციელების მკვლელობები, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლა“, – თქვა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციების დროს მოკლულთა რაოდენობა „ასობითაა“ და „ზუსტი მონაცემები ძალიან მალე, შესაძლოა, დღეს საღამოს გამოაცხადოს ჩვენმა ხელისუფლებამ“.


13 იანვარს CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ძალიან მტკიცე ქმედებებით” დაიმუქრა, თუკი ირანი დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას დაიწყებდა. „თუ მათ ჩამოახრჩობენ, ამას ჩვენი ქმედებები მოჰყვება“, – ამბობდა ტრამპი.

თუმცა 14 იანვარს ტრამპმა განაცხადა „გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. ასე მითხრა სანდო წყარომ. ამას გავარკვევთ. თუ ასე არ მოხდება, ძალიან გავბრაზდები“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ უთხრა ტრამპს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა, ტრამპმა თქვა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანმა წყაროებმა თქვეს, რომ მკვლელობები შეჩერებულია და სიკვდილით დასჯა აღარ მოხდება, იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი აღსრულება იყო დაგეგმილი“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება მოიხსნა დღის წესრიგიდან, ტრამპმა თქვა, რომ პროცესებს აკვირდებიან, მაგრამ მათ მიიღეს ძალიან კარგი ცნობები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქმის კურსში არიან, რა ხდება ირანში.

HRANA-ს მონაცემებით, პროტესტის დროს მოკლულია 2 571 ადამიანი. მათ შორის 12 არასრულწლოვანია. დაკავებულია 16 ათასზე მეტი პირი. ადგილობრივმა ოფთალმოლოგმა გასროლის შედეგად თვალის დაზიანების 400-ზე მეტი შემთხვევა აღნუსხა.

პროტესტი 28 დეკემბერს, ირანული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში, რომლის მოთხოვნა იყო უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის დასრულება. ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, მთელ ქვეყანაში გათიშულია.