სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

პუბლიკა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა.

მათი ცნობით, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: „ქართული ოცნების“ ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.