ევროპარლამენტარები აპირებენ, „კამიტის“ შესაძლო გამოყენების საქმეზე ევროკომისიას მიმართონ

პუბლიკა

ევროპარლამენტარები აპირებენ, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ „კამიტის“ შესაძლო გამოყენების საქმეზე ევროკომისიას მიმართონ.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ფორმულას“ და „ნეგტაზეთს“ გაუგზავნა.

„ფორმულას“ ცნობით, მიმართვას ხელს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან 20 ევროპარლამენტარი აწერს. ისინი ევროკომისიას პარასკევს, 23 იანვარს მიმართავენ.

„ჩემი აზრით, თუ ეს [„კამიტის“ გამოყენება] დადასტურდება, ეს იქნება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის უხეში დარღვევა. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს ქიმიური იარაღის პირველი გამოყენება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი სერიოზული ბრალდებების ფონზე, ჩემი პირადი შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საკმაოდ სუსტი იყო.

ვფიქრობ, რომ საჭიროა სათანადო გამოძიება, საჭიროა ოფიციალური მოკვლევა და მჯერა, რომ აუცილებელია სამართლიანობა იმ ქართველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ. სწორედ ამიტომ ვაპირებ, ამ საკითხზე კომისიას მივმართო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ ბრალდებების დონეზეა და მეც შესაბამისად ვუდგები საკითხს. მოვითხოვ, რომ კომისიამ ჩაატაროს გამოძიება, შეისწავლოს ეს საქმე“. – ამბობს მარკეტა გრეგოროვა.

ევროპარლამენტარებს აინტერესებთ:

  • როგორ აფასებს ევროკომისია BBC-ის გამოძიების სანდოობასა და მასში გამოთქმულ ბრალდებებს?
  • რა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს კომისია პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
  • როგორ აფასებს კომისია შექმნილი ვითარების თავსებადობას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და მიაჩნია თუ არა, რომ ახლა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?

ევროპარლამენტში 2025 წლის 17 დეკემბერს გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ, სადაც ასევე გაჟღერდა მოთხოვნები „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით.


2025 წლის 1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.

ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ,  2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.

BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია. 

დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.

გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.

BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.

2025 წლის 6 დეკემბერს სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.  

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.

ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება. 

მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.