„რუსული ნავთობი უნდა იქნას ჩამორთმეული და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. თუ პუტინს არ ექნება ფული, ევროპას არ ექნება ომი. თუ ევროპას ექნება ფული, ის შეძლებს თავისი ხალხის დაცვას. ევროპას საკუთარი შეიარაღებული ძალები სჭირდება, ნაცვლად NATO-ზე დამოკიდებულებისა…“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„… გასულ წელს, აქ დავოსში ჩემი სიტყვა დავასრულე ასე: ევროპას სჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვას თავი. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ იმავე ვითარებაში ვართ – ომია. მაგრამ რატომ? ყოველ წელს რაღაც ახალი მოაქვს ევროპისა და მსოფლიოსთვის. მსოფლიო საზოგადოების ყურადღება გრენლანდიისკენ არის მიპყრობილი.
აშკარაა, რომ ლიდერების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, რა გააკეთოს ამასთან დაკავშირები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა ელოდება, როდის განელდება ამ თემის მიმართ ამერიკის ინტერესი და როდის ჩაივლის ეს ყველაფერი. მაგრამ თუ ეს არ მოხდება? საუბარია საპროტესტო გამოსვლებზე ირანში, რომლებიც სისხლში ჩაახშეს. მსოფლიო სათანადოდ არ დაეხმარა ირანელ ხალხს, გვერდით გადგა. ევროპაში შობას და ახალ წელს აღნიშნავდნენ. სეზონურ დღესასწაულებს. როცა პოლიტიკოსები სამსახურებში დაბრუნდნენ, აიათოლას უკვე მოკლული ჰყავდა ათასობით ადამიანი. თუ ირანის რეჟიმი შენარჩუნდება, ეს რა სიგნალს მისცემს ყველა მოძალადეს? – დახოცე საკმარისი რაოდენობის ადამიანი და შეინარჩუნე ძალაუფლება. ვის სჭირდება ევროპაში, რომ ეს მესიჯი რეალობად იქცეს?
და მაინც, თქვენ არც კი გიცდიათ, თქვენი პასუხი გქონოდათ. გავიხედოთ დასავლეთით – აშშ-მ დააკავა ნიკოლას მადურო. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება იყო, თუმცა, რეალობა ისაა, რომ მადუროს ასამართლებენ, პუტინი კი საბრალდებო სკამზე არ ზის. ეს უდიდესი ომია ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და კაცი, რომელმაც ის დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ბრძოლასაც აგრძელებს მისი ევროპაში გაყინული ფულისთვის და გარკვეული წარმატებებიც აქვს. პუტინია ის, ვინც ცდილობს, გადაწყვიტოს, როგორ უნდა იქნას გამოყენებული გაყინული რუსული აქტივები და არა ისინი, ვისაც აქვს ძალა, დასაჯოს ის ამ ომისთვის.
საბედნიეროდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, უვადოდ გაყინოს რუსული აქტივები და მე ამისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ როცა ამ აქტივების გამოყენების დრო მოვიდა, რათა ის რუსული აგრესიის მხრიდან თავიდაცვისთვის გამოყენებულიყო, გადაწყვეტილება დაიბლოკა. სამწუხაროდ, პუტინმა მოახერხა ევროპის შეჩერება. აშშ-ის პოზიციის გამო ახლა ხალხი თავს არიდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხს და ეს გასაგებია, ეს ამერიკის ისტორიული პოზიციაა.
მაგრამ, ამავე დროს, არ არის რეალური პროგრესი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საქმეში. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ბევრი შეხვედრა ჩატარდა, მაგრამ მაინც, ევროპას არც მიუღწევია იმ წერტილისთვის, რომ არსებობდეს ტრიბუნალი, სადაც რეალური სამუშაო იქნება გაწეული.
რისი ნაკლებობაა? დროის თუ პოლიტიკური ნების? ყოველთვის არის რაღაც უფრო სასწრაფო, ვიდრე სამართლიანობა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ პატრნიორებთან უსაფრთხოების გარანტიებისთვის და მე ამის გამო მადლიერი ვარ, მაგრამ ეს ომის დასრულების შემდგომი პერიოდს ეხება. როცა ცეცხლი შეწყდება, იქნება კონტინგენტი, პატრული და პარტნიორების დროშები უკრაინულ მიწაზე.
და ეს ძალიან კარგი ნაბიჯი და სწორი სიგნალია, რომ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს შეუძლიათ, აიღონ ვალდებულება შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. მადლობა, კირ, მადლობა, ემანუელ, მადლობა მსურველთა კოალიციის ყველა ლიდერს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მსურველთა კოალიცია მოქმედების კოალიციად იქცეს. ყველა ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ… ყოველთვის არის ერთი „მაგრამ“ – საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა.
უსაფრთხოების არც ერთი გარანტია არ მუშაობს აშშ-ის გარეშე. რაც შეეხება თავად ცეცხლის შეწყვეტას – ვის შეუძლია დახმარება იმაში, რომ ეს მოხდეს? რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს შეაჩეროს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები და დააყადაღოს ნავთობი, მაშინ როცა ევროპა ამას არ აკეთებს? რუსული ნავთობის ტრანსპროტირება ევროპული სანაპიროების გამოყენებით ხდება. ეს ნავთობი აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნავთობი ეხმარება ევროპის დესტაბილიზაციას. რუსული ნავთობი უნდა იქნას ჩამორთმეული და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. თუ პუტინს არ ექნება ფული, ევროპას არ ექნება ომი. თუ ევროპას ექნება ფული, ის შეძლებს თავისი ხალხის დაცვას. ევროპას საკუთარი შეიარაღებული ძალები სჭირდება, ნაცვლად NATO-ზე დამოკიდებულებისა, რადგან „ალიანსი მოქმედებაში არავის უნახავს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის გუნდი დღეს მოსკოვში გაემგზავრება. ხვალ კი მათი გუნდი შეხვდება აშშ-ის გუნდს და როგორც ზელენსკი ამბობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ ორდღიანი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
„ისინი დაელოდნენ ჩემს შეხვედრას ტრამპთან და ახლა წავლენ [რუსეთში]. ხვალ ჩემი გუნდი შეხვდება ამერიკელების გუნდს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ ორდღიანი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
იმედია, საამიროებში იციან ამ შეხვედრის შესახებ – ზოგჯერ გვაქვს ასეთი სიურპრიზები ამერიკული მხრიდან. ეს კარგია. რუსეთი უნდა იყოს მზად კომპრომისისთვის, ყველა უნდა იყოს მზად [კომპრომისისთვის] და არა მხოლოდ უკრაინა. ჩვენი გუნდი დღეს შეხვდება ამერიკის გუნდს, რის შემდეგაც ამერიკელები შეხვდებიან პუტინს. ზუსტად არ ვიცი, როდის. ეს სჯობს ყოველგვარი დიალოგის არქონას. ღმერთმა ქნას, ომი შეწყდეს. ამის იმედი მაქვს“,- ამბობს ზელენსკი.
დონალდ ტრამპმა დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის გუნდის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებები „კარგი“ იყო. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა დღესვე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს პროცესის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული და დასძინა: „ვნახოთ, რა მოხდება.“
როგორც Sky News წერს, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ხვალ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, მათ შორის – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა და ხაზი გაუსვა, რომ „ყველას სურს ომის დასრულება“. მისივე თქმით, შეხვედრის დროს არ განხილულა საკითხი, რომელიც ზელენსკის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრებას შეეხებოდა.