თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ სუსის თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც სამთავრობო პროპაგანდისტული „რუსთავი 2-ისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს, თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ გარდაცვლილი „ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი.“