გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთმევა პასპორტიც

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობაც, საზღვარს კი თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო, რითიც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ვაშაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ის გირაოს გადახდას აპირებს, თუმცა არ მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მისი გამოყენების საფუძველი არსებობს.

მისთვის ასევე გაუგებარია, თუ რის გამო ითხოვს პროკურატურა მისთვის ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესებას.

„პარასკევს გამათავისუფლეს საპატიმრო დაწესებულებიდან. პარასკევიდან ორშაბათამდე არის სრული სამი დღე, ნამდვილად ვიცი, სად არის აეროპორტი, ვიცი, რომ ამ აეროპორტში არის 30-40 რეისი, შაბათ-კვირას უფრო მეტი ფრენა, დაახლოებით, თითოეულ დღეს 100-მდე შესაძლებლობა მქონდა, რომ სადღაც წავსულიყავი, ხომ შემეძლო წავსულიყავი?! პასპორტი მქონდა, ვიზებიც მაქვს. შესაბამისად, არ წავედი, ხომ?! იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული არ ვიყავი… მქონდა შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, ვიბრძვი სამართლიანობისთვის და მაქვს იმედი, რომ ახლა თუ არა, ხვალ, ზეგ ჩემი ბრძოლა სხვა თანამებრძოლებთან ერთად შედეგს გამოიღებს, შესაბამისად, არ ვაპირებ გაქცევას და გაპარვას. აბა, მაშინ რას ასაბუთებს პროკურატურა, რას უზრუნველყოფს ჩემთვის საზღვრის გადაკეტვა?!”, – აღნიშნა მან პროცესზე.

მან მოსამართლეს უთხრა, რომ არ ჩამოერთვათ მისთვის პასპორტი. მისივე თქმით, ის აპირებს, რომ იაროს პროცესებზე და თავს არ აარიდებს მართლმსაჯულებას.


ვაშაძემ პენიტენციური დაწესებულება 23 იანვარს დატოვა, მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „წულუკიანის კომისიაზე” გამოუცხადებლობის გამო.

ციხის დატოვების შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვაშაძის წინააღმდეგ ახალ ბრალთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე. ასევე მოხდა ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც.

საუბარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე. ამ საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

6 ნოემბერს გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. პროკურატურა წერდა, რომ:

„…ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.

გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.

2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.