გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გააუქმოს რეპრესიული კანონები.
ლოულორი ასევე მოუწოდებს „ოცნებას“, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის, მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამთავრობო მედიების მხრიდან, ასევე შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის საბოტაჟის მუხლით დაწყებული საქმე („პირბადეების საქმე“).
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განცხადება ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) წარდგენის მიმდინარეობის პარალელურად გაავრცელა.
ლოულორმა აღნიშნა, რომ თავისი მანდატის განმავლობაში მან 8-ჯერ წამოიწყო კომუნიკაცია ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან, თუმცა, არც ერთხელ არ მიუღია პასუხი.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქართველოში ვიზიტით იყო 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და თავისი ანგარიში წარადგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2024 წლის მარტში.
ლოურორი აღნიშნავს, რომ მან ვიზიტის დროს აღრიცხა ადამიანის უფლებების სივრცის სერიოზული შეზღუდვა, რაც გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების რეპრესიებით.
მომხსენებელი მიუთითებს, რომ 2023 წლიდან უფლებადამცველები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო გახდნენ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი.
მერი ლოულორი წერს, რომ 2025 წლის მაისიდან ძალაში შესული ეს კანონი აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციები და წარადგინონ დეტალური ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები.
ის საუბრობს დემონსტრანტების უფლებების მასობრივ დარღვევებზე, ასევე, სხვა რეპრესიულ კანონებზე.
„მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, მასობრივ საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანის უფლებათა სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევები, ძალის გადამეტებული გამოყენება და დაკავებისას წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები შეკრებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის შესახებ, რაც სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საზოგადოება ასევე გახდა ახალი კანონების სამიზნე, მათ შორის არის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „კანონი გრანტების შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღებას ან განახლებას უზღუდავს მთავრობის თანხმობის გარეშე.
ამ კანონების პარალელურად, საქართველოში უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის კამპანიები და აღძრულია ყალბი სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის „საბოტაჟის“ მუხლით. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები არიან LGBTIQ+ უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ მეშვეობით“. – წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი.
მერი ლოულორის განცხადებით, საქართველომ უნდა გააუქმოს მთელი რიგი რეპრესიული კანონები:
- გააუქმოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ბოლოდროინდელი ცვლილებები „კანონში გრანტების შესახებ“;
- გააუქმოს ბოლოდროინდელი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და სისხლის სამართლის კოდექსში;
- გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“;
- გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციონირებას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებებზე;
- იმუშაოს ჩემს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
- სრულად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან;
- შეწყვიტოს დისკრედიტაციის კამპანია ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიების მხრიდან.