ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია პირველი ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებს ღუდუშაურის ადვოკატიც:

„ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე საქმის მასალები ჯერ არ მაქვს. როგორც ვიცი, წუხელ [დააკავეს]. დეტალები არ ვიცი, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე, როგორც ვიცი, დღეს წარუდგენენ ბრალს და დღეს მომცემენ მასალებს… რაზეა დაკავებული, რას ედავებიან, ვერაფერს ვერ გეტყვით… – ამბობს ტელეკომპანიასთან ინტერვიუში დიმიტრი მჭედლიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება საგამოძიებო უწყება ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. ილია ღუდუშაური მინისტრის მოადგილედ 2022-2024 წლებში მუშაობდა.

დაკავებული იყო ილია ღუდუშაურის ძმაც, ვლადიმერ ღუდუშაური.

ის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დააკავეს.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა.

2025 წლის 18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღუდუშაურს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. უცნობია, რა გახდა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი.