ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ღუდუშაური ამავდროულად იყო ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
უწყების ცნობით, საქმე უკავშირდება 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფოს მანქანების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც შეწყდა „ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით“.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.
2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.