ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. თავის გამოსვლაში მან ხსენა საქართველოც.
სანდუმ თქვა, რომ მოლდოვაში რუსეთი ატარებს „პროფესიონალურ, კარგად დაფინანსებულ და გრძელვადიან ოპერაციებს, რომლებიც ეფუძნება სუსტი წერტილების სისტემურ იდენტიფიცირებას, ხელშეწყობილია სათანადო ინფრასტრუქტურით და ნარჩუნდება საკანონმდებლო ხარვეზების ბოროტად გამოყენებით“.
მისი განცხადებით, მოლდოვა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ჩვენ მთელ ევროპაში ვხედავთ.
„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ გაუძლო ამ ორწლიან იერიშს საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიისადმი.
მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ, რომ საქართველო, ქართველი ხალხის სიმამაცის მიუხედავად, რომელიც კვლავაც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროპულ მისწრაფებებსა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას, რუსეთმა კვლავ თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი საარჩევნო არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა.
ახლა სომხეთი ხდება იმავე სტრატეგიის სამიზნე, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტის შესუსტებისკენ, დემოკრატიულ არჩევანზე ზეგავლენისა და შიდა სუსტი წერტილების გამოყენებისკენ.
ჩვენ ვდგავართ სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ცდილობენ გაუძლონ ამ ზეწოლას და დაიცვან თავიანთი დემოკრატიული მომავალი“. – თქვა მაია სანდუმ.
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები არიან.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრვრებაზე მოლაპარაკებები გაიხსნა – კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნებმა ერთი წლით ადრე მიიღეს.
2024 წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს აჩერებს „2028 წლამდე“.
კობახიძის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა წინააღმდეგაც „ოცნებამ“ სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენა. პროევროპული პროტესტი 400 დღის შემდეც გრძელდება.
პარალელურად, აღნიშნული განცხადების, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და რეპრესიული კანონების ფონზე ევროკავშირმა „ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური და ინსტიტუციური ურთიერთობები შეწყვიტა. ამავე დროს, ევროკავშირს არ შეუწყვეტია სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერა. ევროკავშირი მუშაობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.
მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრების გზაზე წინსვლას აჩერებენ.
რაც შეეხება სომხეთს – მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის აგვისტოში აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რეგიონში რუსეთის გავლენები შესუსტდა. სომხეთი ცდილობს, დაუახლოვდეს ევროკავშირს. 2025 წლის ნოემბერში ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც გადასცა.