თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ტროტუარის საქმეზე“ სანდრო მეგრელიშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. მეგრელიშვილის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა მიიღო.
სანდრო მეგრელიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ ტროტუარზე პროტესტის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ ზემდგომ ინსტანციაში.
შეკითხვაზე, რა არგუმენტით თქვა სააპელაციომ საქმის განხილვაზე უარი, ირაკლი აბესაძე „პუბლიკას“ ეუბნება:
„დასაბუთებაში წერენ, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ იმდენად სრულყოფილად შეაფასა გარემოებები და მტკიცებულებები, იმდენად არაფერი დარჩა გამოსაკვლევი, რომ ისინი საჭიროდ აღარ თვლიან, რომ ამაზე პროცესი შედგეს“.
„პუბლიკასთან“ საუბარში ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს იმ ტენდენციურ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც აქციებთან დაკავშირებული საქმეების ზეპირ განხილვაზე უარს ამბობენ.
„ფაქტობრივად, არასდროს არ მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საჩივრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად ირღვევა დაცვის უფლება, ამ შემთხვევაში სანდრო მეგრელიშვილის და სხვებისაც, იმიტომ, რომ მათ საშუალება ეძლევათ, მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლოში მიიღონ სამართალწარმოების შესაძლებლობა და შემდგომი ინსტანციის სასამართლო უარს ამბობს განხილვაზე.
ყველამ ვიცით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო არის ინსტანცია, სადაც რეალურად არის ჩაბუდებული კლანის მნიშვნელოვანი ნაწილი. სასამართლოს თავმჯდომარეა მიხეილ ჩინჩალაძე, ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელია დიმიტრი გვრიტიშვილი. ესენი არიან რეალურად ადამიანები, ვინც სამართლებრივად „ულაგებენ“ რეჟიმს ამ დრაკონული კანონმდებლობის აღსრულებას და იმ კომიკურ განმარტებებს, როგორიც, მათ შორის, თუნდაც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანის დაჯარიმებაა.
სანამ სააპელაციო სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას, საჯაროდაც მივმართე, რომ უარი ეთქვათ მანკიერ პრაქტიკაზე და მოეწყოთ საჯარო განხილვა. თუ ვინმე იკითხავს, რამე მოლოდინი იქ სამართლიანი გადაწყვეტილებისა არსებობდა თუ არა, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ სააშკარაოზე გამოვიდნენ კლანის ის წარმომადგენლები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, კარნახობენ, რა გადაწყვეტილებები მიიღონ. თავად უნდათ, რომ დარჩნენ ჩრდილში და მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ეწყობოდეს საცირკო წარმოდგენები“, – ამბობს აბესაძე.
ადვოკატი სანდრო მეგრელიშვილის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად მოამზადებს.
„საქართველოში უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება, სააპელაციო არის საბოლოო ინსტანცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, შესაბამისად, მოვამზადებთ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად, სადაც ის დამატებითი არგუმენტია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარი გვეთქვა, როდესაც საერთოდ განხილვაც არ შედგა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ეს კიდევ უფრო მეტი არგუმენტია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააპელაციო სასამართლოს, შეწყვიტოს ეს უკანონო და მავნე პრაქტიკა, ჩანიშნოს პროცესები და გააცნოს საზოგადოებას საკუთარი მოსამართლეები, როგორც, მაგალითად, საზოგადოება იცნობს მაკარაძეებს, ცაცუებს, ცეკვავებს, ენუქიძეებს და სხვებს, – უთხრა აბესაძემ „პუბლიკას“.
ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მოქალაქის შემთხვევაში ჰქონდა მიღებული. 10-ვე სამართალდამრღვევად ცნეს. 5 მოქალაქე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, 5 მათგანს კი 4- და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს ფორმულირებას, რომ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო შეეფარდათ პატიმრობა.
23 იანვარს უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.