„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
მისი განმარტებით, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი“.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგს“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს – გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ზოგადი განათლების მიმართულებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
მისივე თქმით, ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
მიქანაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII- IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან.
ამავე სასწავლო წლიდან მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.
დღევანდელ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზეც ისაუბრა და თქვა, რომ „სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო“.
მისივე თქმით, ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
როგორც მიქანაძე ამბობს, 2026- 2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.