კაია კალასი: EU ირანის რევოლუციურ გვარდიას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირი ირანის რევოლუციურ გვარდიას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირისთვის მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საფრანგეთმა და იტალიამ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალეს.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა მედიასთან თქვა:

„ევროკავშირი მზად არის, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანოს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებს, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ველოდები, რომ შევთანხმდებით ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ სიაში შეყვანაზე. ეს მათ იმავე სტატუსს მიანიჭებს, რაც ალ-ქაიდას, ჰამასს და დაეშს (ISIS) აქვთ. თუ ტერორისტივით იქცევი, ასევე უნდა მოგეპყრონ“.

ევროკავშირი ასევე აპირებს, სანქციები დაუწესოს 20-ზე მეტ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანში მომიტინგეთა დარბევასთან, ასევე, დაკავშირებული არიან რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ ომში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებთან თქვა:

„ძალადობის სამიზნე ირანელების ურყევმა სიმამაცემ ამაოდ არ უნდა ჩაიაროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს მივიღებთ ევროპულ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ“.

აშშ-მა ირანის რევოლუციური გვარდია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2019 წელს გამოაცხადა.

ირანის რევოლუციური გვარდია (IRGC) ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუტია. ის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაარსდა შემდეგი მიზნით – დაიცვას ისლამური რესპუბლიკა, რევოლუცია და უზენაესი ლიდერი. ირანის რევოლუციური გვარდია არ არის იგივე, რაც ირანის რეგულარული არმია – ისინი პარალელურად არსებობენ.