საგარეო: ქართულმა მხარემ ვაშინგტონში ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.

უწყების განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ასევე, „განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები“.

„2026 წლის 3 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის დაგეგმილი შეხვედრის ანონსი, თუმცა ჯერჯერობით სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა,  მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.