„გაჩნდა კითხვები, მასალები პროკურატურაში გაიგზავნა“ - თბილისის მერია ვაგონსარემონტო ქარხანასთან დაკავშირებით გამოძიებაზე

პუბლიკა

თბილისის მერია ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.

როგორც მერია განმარტავს, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა აუდიტის ფარგლებში შეისწავლა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება, რის შედეგადაც გაჩნდა კითხვები და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში.

„2025 წლის თბილისის მერის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.


პროკურატურის ინფორმაციით, „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკები.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.