ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაყადაღებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთში.
პროკურორის თქმით, დაყადაღებულია ბურჭულაძის ოჯახის წევრების ანგარიშებიც.
„…ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი განჩინება, შემდეგ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიმართული იქნა შესაბამისი სამსახურის და გენერალური პროკურატურის მიერ ესპანეთის სამეფოსთვის. ესპანეთის სამეფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ნამდვილად დაედო ნინო მხეიძის ქონებაზე ყადაღა…“ – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
„მათ ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა, სადაც გარკვეული სახის თანხა ფიქსირდებოდა და მათ შორის, დაყადაღებულია ქონება. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა“, – უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.