ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება.
კობახიძის თქმით, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად“ და ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე ისწავლებოდა.
„საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული.
ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ.
ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, – თქვა კობახიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
4 თებერვალს „ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ორი უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საფუძვლებს ამზადებს.
გაერთიანების გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. არჩევითმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი პოზიციები ოფიციალურადაც გააფორმეს.