პროკურატურა: გიგა ავალიანზე თავდასხმამდე ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს 4 სხვა პირზეც იძალადეს

პუბლიკა

დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურამ განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულებმა გიგა ავალიანზე თავდასხმამდე სხვადასხვა დროს იძალადეს კიდევ 4 პირზე, ძალადობის ამსახველ ფაქტებს კი იღებდნენ ტელეფონით.

„ა.გ.-მ, გ.რ.-მ, დ.ჩ.-მ და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ.

გ.რ., დ.ჩ., ა.გ. და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

ჯგუფური ძალადობის მიმდინარეობას ისინი კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა პროკურატურამ.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების მონაწილეობით განხორციელებულ სხვა ძალადობრივ შემთხვევებთან დაკავშირებით წერს: 

1) 2025 წლის ზამთარში გ.რ.-მ, ა.გ.-მ, დ.ჩ.-მ და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს.

ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, გ.რ.-მ. დ.ჩ.-მ, ა.გ.-მ და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

2) ასევე, 2025 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.რ. და ა.გ. სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად, უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

3) იმავე მიზნითა და მოტივით, 2025 წლის თებერვალში, გ.რ., დ.ჩ.  და სხვა პირებთან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, მათთვის მიუღებელი პიროვნების დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

4) 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახალ სკვერში დ.ჩ.  და სხვა პირები ფიზიკურად გასწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. თავს დაესხნენ დაზარალებულებს და სხეულის არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.

ა.გ.-ს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.რ.-ს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დ.ჩ.-ს სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.