ალიევმა და ვენსმა ხელი მოაწერეს ქარტიას აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

პუბლიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ხელი მოაწერეს ქარტიას აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.

ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ერევანში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ალიევმა ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, ალიევმა აღნიშნა, რომ ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო ერთობლივ მუშაობას, თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე“, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, ახლა გადაიშალა აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი ფურცელი, რომელიც, მათ შორის თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვასაც გულისხმობს.

თავის გამოსვლაში ალიევმა აღნიშნა, რომ ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი არის „ტრამპის გზა“, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანის ორ ნაწილს დააკავშირებს, არამედ „იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო, მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზიას ევროპასთან აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს“.

„ჩვენ ასევე ვხსნით ახალ ფურცელს თავდაცვის სექტორში ვაჭრობის, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მიმართულებით“, – დასძინა ალიევმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ავღანეთი დატოვა. ჩვენ რთულ პირობებში ვმუშაობდით და ამ დროის განმავლობაში შევძელით რეპუტაციის შენარჩუნება“, – თქვა ვენსმა APA-ს ცნობით.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში არ ჩავიდა საქართველოში, რომელიც წარსულში რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო.

ვენსი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელის სომხეთს ესტუმრა, ასევე აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა. რაც შეეხება აზერბაიჯანს – ვენსი პირველია, რომელიც აშშ-დან ბაქოში 2008 წლის და მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, დიქ ჩეინის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.

ჩეინი იმავე წელს ჩავიდა საქართველოშიც, ხოლო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისს 2005 წელს ეწვია. საქართველოში ჯო ბაიდენიც იმყოფებოდა 2009 წელს ვიცე-პრეზიდენტის რანგში.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩის მიმართ მტრული განცხადებების გაკეთება დაიწყო, მიიღო რეპრესიული კანონები, დასავლეთს ზურგი აქცია და სასტიკად გაუსწორდა პროტესტის მონაწილეებს, ასევე, დაუახლოვა ჩინეთს და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და პრორუსული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა.