პოლიციელი ლაშა ჯუღელი ამბობს, რომ სასახლესთან მასზე 15-მდე პირი ძალადობდა, მათ შორის გური ჟვანია

პუბლიკა

4 ოქტომბრის 10-პირიან პროცესზე იკითხება პოლიციელი ლაშა ჯუღელი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მასზე ფიზიკურად 15-მდე პირი ძალადობდა, მათ შორის ამოიცნო ბრალდებული გური ჟვანია:

„როცა დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, რაციიდან გავიგეთ, რომ ღობეს ანგრევდნენ, ინტერნეტიდანაც ვუყურებდით. დავუძარით ჭონქაძის ქუჩიდან, ჩავედით სასახლესთან. მე და ჩემი დანაყოფი.

[სასახლესთან] დაგვიწყეს სროლები, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, დაგვიწყეს რტყმა, დაშავდნენ თანამშრომლები. თავში, ტანზე, წაქცეულზე, 15 კაცამდე მირტყამდა მეც.

[ამოვიცანი] ერთ-ერთი, 50 წელს ზევითაა, ჩემზე ოდნავ მაღალი, შემელოტებული, გური ჟვანია. მახსოვდა სახეზე და ამოვიცანი ვიდეოთი. ვიდეოს ყურების შემდეგ, ამოვიცანი.

ფეხს მირტყამდა წაქცეულზე. სხვა პირებიც ამოვიცანი, მაგ ამ დარბაზში… [არ არიან].

ყვიროდნენ, ყველას ფორმები გახადეთო. ზედაც შემომახიეს, გამოძიებამ ამოიღო. გვეძახდნენ რუსეთის მონებს და ა.შ.

დაზიანებები მქონდა მეც – ძირითადად თავზე. ნიღაბი მომხსნეს, ფორმაც და შემდეგ გამლახეს”, – განაცხადა მან.

ერთ-ერთი კითხვის პასუხად მან აღნიშნა ისიც, რომ „იქ ბევრი ადამიანი ისეთიც იყო, ვინც პოლიციასაც პატივს სცემდა”.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის შეკითხვაზე: რატომ გეძახდნენ რუსეთის მონებს, რაიმე ვერსია ხომ არ გაქვთ? უპასუხა – „არა, არ მაქვს”.

გური ჟვანიას ადვოკატი, ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ მოწმის ჩვენებები არათანმიმდევრულია და ის არ ემთხვევა საქმეში წარმოდგენილ ვიდეოსაც.

„დიახ, დღეს დაიკითხა დაზარალებული, რომელსაც თითქოსდა გური ჟვანიამ მიაყენა დაზიანება. აღნიშნული ფაქტი მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს, თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში 15 ოქტომბერს, ანუ 2 კვირის შემდეგ. აღნიშნა, რომ იგი წააქციეს, დაახლოებით თხუთმეტამდე ადამიანი ურტყამდა… კითხვაზე, მიმართა თუ არა საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ არა და როცა ვკითხეთ, რომ რატომ არ მიმართა ასეთი დაზიანების შემდეგ, მან გვითხრა, რომ არ ჩათვალა საჭიროდ…

რა ჩვენებაც მან მისცა და დააფიქსირა სასამართლო პროცესზე – რომ ის თითქოს წაქცეული იყო და წაქცეულზე 15 ადამიანი ურტყამდა – ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს.

რა თქმა უნდა, ლაშა ჯუღელმა იცრუა და კიდევ გეუბნებით არათანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს.

ამ ვიდეოს გამოკვლევა ჯერ არ მომხდარა, მოხდება შემდეგზე, მოხდება ვისთანაც ერთად მოხდა იმ ვიდეოს დათვალიერება იმ გამომძიებელთან ერთად”, – განაცხადა კორკოტაძემ.


4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეში ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს:
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ირაკლი შაიშმელაშვილი:
  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკვია:
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
გური ჟვანია:
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;