ლევან ჯანგველაძის საქმის ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ სანდრო წივწივაძეს 8 წელი მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სანდრო წივწივაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ბრალდების ვერსიით, სანდრო წივწივაძისგან შეიძინეს იარაღი, რომლითაც ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს ესროლეს. წივწივაძეს ასევე ბრალად ედებოდა ცრუ ჩვენების მიცემა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, რომ სანდრო წივწივაძემ საბოლოო სიტყვითაც ისარგებლა:

„სრულიად უდანაშაულო ადამიანი ვარ აქ, ინტელექტის დონე ისეთი დაბალი არ მაქვს, რომ ჩემს სახელზე გაფორმებული იარაღი გელა უძილაურისთვის, ან ჯოხაძისთვის მიმეცა“, – თქვა წივწივაძემ.


ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე რამდენიმე წარმოებადაა დაყოფილი.

ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.

ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალად ედება ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება; გამოძიება მას დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მიიჩნევს;

ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს პროკურატურა ასევე მკვლელობის ორგანიზებას სდებს ბრალად.

პროკურატურის ვერსიით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ და ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

უწყების ვერსიით, ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გააცნეს ჯანგველაძის მკვლელობის გეგმა, შემდეგ კი ერთად დაიწყეს შემსრულებლის მოძიება.

„ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა“, – აცხადებს პროკურატურა.

ამ საქმეზე ასევე ბრალდებულებიია გიორგი კაჭკაჭიშვილი. პროკურატურის ვერსიით, კაჭკაჭიშვილმა და ჯოხაძემ შეიძინეს სანდრო წივწივაძისგან იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძეს ესროლა.

ლევან ჯანგველაძე თბილისში 2025 წლის 14 მარტს მოკლეს.