„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე, ჩამოთვალა რომელი უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტებზე გამოაცხადებს მიღებას.
როგორც მან განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, „არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო- ტექნიკურ დისციპლინებზე.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ- აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
- ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“,- განაცხადა მიქანაძემ.
დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები დაამტკიცა.
როგორც გივი მიქანაძე ამბობს, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება. მიქანაძე ამბობს, რომ შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.
„შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ“,- აცხადებს მიქანაძე.
როგორც მიქანაძე ამბობს, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
„გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ. დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი ან, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე“,- ამბობს მიქანაძე.