პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს.

პროკურატურის თქმით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დაადგინეს, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

გადამოწმების მიზნით არასრულწლოვანი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციელებმა იდენტიფიცირების მიზნით არასრულწლოვანი გამოკითხეს.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობა. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი, შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებას სჭირდებოდა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის დასწრება და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

ამის მიუხედავად, ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა, დაეთვალიერებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონი, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა მობილურის იძულებით განბლოკვა.

პროკურატურა ამბობს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ.-სთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვისა და პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

პროკურატურის ცნობით, ლ.ხ.-მ გამოჰკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იგი დააკავეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.