კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილება.

მეორე მოსმენისას ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში – აისახა ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებით მუხლები.

მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ განმარტა:

„სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს [სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები] დამამძიმებელ გარემოებად ემატება კონსტიტიცური წყობილების ან კონსტიტიციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა;

კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ:

საქართველოს მოქალაქის ან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობილების, ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა“, – თქვა გორდულაძემ.

ცვლილება შევა ადმინისტრაციულ კოდექსშიც – ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი. გორდულაძის განმარტებით, საუბარია ნებისმიერ დარღვევაზე – თუ მოტივი ეს იქნება, მოსამართლე შენიშვნას ვერ გამოიყენებს. მეორე და ყოველი შემდგომი დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

გორდულაძემ ამ მუხლების ჩამატების მოტივაციაზეც ისაუბრა:

„განვმარტავ ამ მუხლს არაიურისტებისთვის. მთავარია სისტემურობა, სისტემატურობა, საჯაროობა. ერთი პირის მიერ გამოხატული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ივლება მკაფიო ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას შორის. მთავარია, პირები სისტემურად და სისტემატურად და საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ორგანიზებისკენ, ხელისუფლების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ; მოუწოდებდნენ ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად და სისტემატურად და საჯაროდ თავს წარმოაჩენდნენ, თითქოს ისინი არიან კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა იყოს მიმართული კონსტიტუციური წყობილებისა და ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმების დამკვიდრებისკენ და აზიანებდეს, რეალურ საფრთხეს ქმნიდეს საქართველოს ინტერესებისთვის.

მოქმედი კანონით, დასჯადი ქმედებაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა აქტიურ ქმედებაში განხორციელებული. სანამ დამხობამდე მივა საკითხი, არის მოწოდება კონსტიტუციური დამხობისკენ. ესეც დასჯადია, მოქმედი კანონით, ათწლეულია და ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები, სანამ ამ მოწოდებამდე მივლენ, ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები; არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა; არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება – მაგალითად, საქართველოს არჩეული პარლამენტი. საბოლოო ჯამში ამ აღქმის შექმნის მიზანია, ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნოყიერი ნიადაგი.

სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც სისტემატურად და სისტემურად არ ცნობენ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წყობას და თავიანთი ქმედებებით სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და არ ცნობენ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს, რომ საქართველოში ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში ასევე აისახა ცვლილება, რომლის შესახებაც პირველი მოსმენის დროს გახდა ცნობილი.

პოლიტიკური აქტივობისთვის ბიზნესსუბიექტი მეორე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს შეეხება „დარღვევაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირსაც“.

„პასუხისმგებლობა 20 000 ლარის ოდენობით არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი პირველ ჯერზე, ხოლო შემდგომი ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენას – იურიდიული პირი, თუ არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული პოლიტიკური აქტივობისთვის, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს.

არ არსებობს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა  ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის გარეშე.

პასუხისმგებლობა განსაზღვრული იქნება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. ხოლო არაერთგზისის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთ 4 წლამდე, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა. იურიდიული პირი შესაძლებელია დაისაჯოს ჯარიმით ან/და ლიკვიდაციით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ტექნიკური ცვლილებები აისახა გრანტების შესახებ კანონშიც. გორდულაძის განმარტებით, კანონშივე დაზუსტდება, რომ მისი მოქმედება არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულად თანხებს.

საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭს უყრიან. კანონი მიღებულად მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ მიიჩნევა.