სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონება, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილები, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება

პუბლიკა

პარლამენტში რეგისტრირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონების იმპორტი აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება.

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ „საგადასახადო კოდექსში“ დაანონსებული ცვლილებით, კოდექსის იმ მუხლს, რომელიც აქციზისგან გათავისუფლების მარეგულირებელ წესებს განმარტავს, დაემატება ქვეპუნქტი „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის“ შესახებ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილის) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება.

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი არ თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება, მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა, რაც დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ აქციზის გადასახადისგან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების გათავისუფლებას „ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია“.

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონება არის ისეთი ქონება, რომელზეც კერძო პირის (ან სხვა სუბიექტის) საკუთრების უფლება შეწყდა და ის კანონის საფუძველზე გადავიდა სახელმწიფოს მფლობელობაში.