„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.
„პუბლიკა“ პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძლიერი საქართველო – ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი მიზანი უცვლელია — ქვეყანაში მმართველი სისტემის დემოკრატიული ცვლილება მშვიდობიანად, არჩევნების გზით. თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, თითოეული ინიციატივა შევაფასოთ არა ემოციურად, არამედ სტრატეგიულად.
ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც.
პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შევთავაზეთ სისტემური ერთობის ფორმატები — ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი. თითოეულ შემთხვევაში პროცესი შეჩერდა ან ჩაიშალა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ.
ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.
პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.