სააპელაციოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დავით ხომერიკის განაჩენი ძალაში დატოვა

პუბლიკა

2024 წლის დეკემბერში აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, – მოსამართლე პაატა სილაგაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.

„სისტემა უნდა დაინგრეს”, – თქვა ხომერიკმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. იქამდე სინდისის პატიმარმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:

„ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და გაბრაზებულ ადამიანს შეიძლება უამრავი ცუდი ფიქრი და აზრი უტრიალებდეს თავში და ამას იმის შედეგად არ აკეთებდეს, რასაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა [გვასწავლის].

ეს იგივეა, მე რატომაც ვზივარ ახლა ციხეში… დაფიქრება? ფიქრი ფიქრად რჩება, ხომ არ შეიძლება, ფიქრის გამო ვინმე დაიჭირო და ციხეში ჩასვა. მოქმედებაში არ არის მოსული ფიქრი.

შეიძლება ვიღაცის ცემა მოგინდეს, ვიღაცის ის მოგინდეს, ანუ გაბრაზებულ გულზე ვამბობ ხო, ადამიანები ვართ, მაგრამ ამას არ აკეთებ იმიტომ, რომ იცი, შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო…

ნუ შეგეშინდებათ და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა დავით ხომერიკმა.


დავით ხომერიკს აფეთქების მომზადების ბრალდებით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ვერსიით, ხომერიკს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჰქონდა თან, ხომერიკი კი ამ ყოველივეს უარყოფს.

დაცვის მხარე საპელაციო სასამართლოში ხომერიკის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ხომერიკის საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ დეკემბერში აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში (Amicus Curiae) წერს.

ომბუდსმენის მიერ მომზადებული და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დასკვნის მიხედვით:

  • დავით ხომერიკის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების მოპოვება არ განხორციელებულა გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად.
  • საგანი და ნივთიერება, რაც შემდეგში საფუძვლად დაედო დავით ხომერიკის ბრალდებასა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, აღმოჩენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში –
  • რომელთა მოპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების – ამოღების შედეგად აღარ განხორციელებულა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ;

„წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ დავით ხომერიკის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებასა და ასეთი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს (ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა)“, – წერია დოკუმენტში.

რას ამბობდა დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში

ხომერიკის წარმომადგენლები სასამართლოში მოითხოვენ, რომ ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენით და დავით ხომერიკი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ.

„განსახილველი საქმე გამორჩეულია და ხასიათდება განსაკუთრებით დაბალი სტანდარტით, რადგან მასში, სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმებით დადგენილი სტანდარტი არ არის დაცული და, მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო/საგამოძიებო დოკუმენტაციაც კი, არ არის შედგენილი.

მეტიც, ეს საქმე, პრაქტიკულად, ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით არის წარმოებული და სისხლის სამართლებრივი განაჩენით ლეგალიზებული”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.