რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები - რა გავიგეთ პროცესზე

პუბლიკა

4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეზე მოწმე-პოლიციელი ზურაბ კუპრავა დაიკითხა. მან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა – ანუ ათონელის სასახლის ტერიტორია.

მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვადასხვა საგანი, მათ შორის იყო ე.წ. ბოწკინტები და რკინის ჯებირები.

რაც შეეხება ათონელის სასახლის ღობის სექციებს, მისი განმარტებით აღნიშნული სექციების ამოღება არ მომხდარა და ის არ დალუქულა.

მისი განმარტებით, ღობის სექციები „საქმეზე დაამაგრა”/ „საქმეში მოაქცია”, თუმცა დაულუქავი სახით – „არის რაღაცები, რისი საქმეზე დამაგრება შეიძლება დალუქული სახით და შესაძლებელია დაულუქავი სახითაც”. არ ამოღების მიზეზად კი პოლიციელმა დაასახელა ფრაგმენტების გაბარიტები და ისიც, რომ „ექსპერტიზა” უკვე დასრულებული იყო.

მისივე თქმით, ღობის ეს სექციები სასახლის წარმომადგენელს გადასცეს და გააფრთხლეს, რომ შეენახა დაცულ ადგილზე.

„ჩემს პარალელურად, როდესაც მე შემთხვევის ადგილს ვათვალიერებდი, მოსულები იყვნენ ექსპერტ-ტრასოლოგები, რომლებმაც ჩაატარეს აღნიშნული ღობის ექსპერტიზა, ჩემგან დამოუკიდებლად, ისინი ჩემს საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდნენ.

…რაც შეეხება ღობის 5 სექციას, რომელიც იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, აღნიშნული [მოვაქციეთ] სისხლის სამართლის საქმეში, დაულუქავად, ვინაიდან გაბარიტები მისი იყო ძალიან დიდი, ასევე ადგილზე მოსულები იყვნენ ექსპერტები, რომელთაც ჩაატარეს ექსპერტიზა, საჭიროება მისი დალუქვის აღარ იყო. მოვაქციე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და ადგილზე მყოფ [სასახლის] წარმომადგენელს ხელწერილის საფუძველზე დავუბრუნეთ და გავაფრთხლეთ, რომ შეენახა დაცულ ადგილზე“, – აღნიშნა მან.

დაცვის მხარეს მასთან შეკითხვები სწორედ ღობის სექციების არდალუქვასთან დაკავშირებით ჰქონდა.

  • ადვოკატი ბექა ბასილაია: ეს სექციები რატომ არ დაილუქა?
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: აღნიშნული სექციების არდალუქვის მიზეზი იყო შემდეგი – ადგილზე იყვნენ ტრასოლოგები, შეაფასეს ეს ყველაფერი, დაასურათეს, ჩაატარეს კვლევა… გაბარიტებიდან გამომდინარე, წონიდან გამომდინარე, ყველაფრიდან გამომდინარე, [არაგონივრული] იყო.
  • ადვოკატი ბექა ბასილაია: ექსპერტები კი იყვნენ ადგილზე, მაგრამ დასკვნა ხომ არ დაწერილა?!
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: მითხრეს, რომ კვლევისთვის შემდგომში აღარ სჭირდებოდათ.

ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მას ჰკითხა, ვინმემ მისცა თუ არა მას მითითება, რომ ღობის სექციები არ ამოეღო. პოლიციელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ ერთობლივად მიიღო. მან დაადასტურა ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე პროკურორი ვაჟა თოდუა იყო და მისი თანხმობის საფუძველზე აღარ ამოიღო ღობის სექციები.

  • ადვოკატი ირაკლი აბესაძე: რომ არ ამოგეღოთ ღობის სექციები და არ დაგელუქათ, ეს გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ თუ ვინმემ მითითება მოგცათ?
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: ერთობლივად ბრალდების მხარის მიერ [მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება]. გამომძიებელი და უშუალოდ ზედამხედველი პროკურორი.
  • ადვოკატი ირაკლი აბესაძე: სახელი და გვარი რომ გვითხრათ, ვისთან ერთად მიიღეთ ეს გადაწვეტილება.
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: … არის რაღაცები, რისი საქმეზე დამაგრება შეიძლება დალუქული სახით და შესაძლებელია დაულუქავი სახითაც. ვინაიდან საჭიროება არ იყო აღნიშნულის, ჩემი გადაწყვეტილებითაც, ადგილზე მყოფი სხვა პირების მიერაც… უშუალოდ ბრალდების მხარის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდაგვარად მოვქცეულიყავით. მე და პროკურორები, თუნდაც ბატონი ვაჟა, რა პრობლემაა.
  • ადვოკატი ირაკლი აბესაძე: ბატონი ვაჟა ადგილზე იყო?
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: [ადგილზე იყო].
  • ადვოკატი ირაკლი აბესაძე: შეუთანხმეთ ბატონ ვაჟა თოდუას, რომ ღობის სექციებს არ ამოიღებდით?
  • პოლიციელი ზურაბ კუპრავა: ვაპირებდი მსგავსად ჩატარებას და მივიღე თანხმობა. დიახ…  ავუხსენი მას და დამეთანხმა.
  • ადვოკატი ირაკლი აბესაძე: ანუ ბატონმა ვაჟამ გადაწყვიტა, რომ ღობის სექციები არ ამოგეღოთ. კი ბატონო.

ადვოკატის შეკითხვის პასუხად მან კვლავ გაიმეორა, რომ არაგონივრული იყო ღობის დალუქვა, მიზეზად კი დაასახელა გაბარიტები და ის, რომ ექსპერტიზა უკვე ჩატარებული იყო.

როგორც აღინიშნა კიდეც, პოლიციელის თქმით, ადგილიდან „შედარებით გაბარიტული” ამოიღო და დალუქა ათონელის სასახლის ბოწკინტები და 14 ცალი ჯებირი.

ადვოკატის შეკითხვაზე – თქვენ ხომ ამოიღეთ და დალუქეთ ბოწკინტები, ექსპერტმა არ გითხრათ, რომ უკვე დათვალიერებული მაქვს ბოწკინტები და ექსპერტიზა დასრულებული მაქვსო? პოლიციელმა უპასუხა, რომ მათი ამოღება გაბარიტებიდან გამომდინარე „შესაძლებელი იყო მარტივად”. ამაზე ადვოკატ ირაკლი აბესაძის რეპლიკა იყო შემდეგი, რომ – ერთ შემთხვევაში პოლიციელმა ექსპერტიზაჩატარებული ბოწკინტის დალუქვის აზრი დაინახა, თუმცა [ღობის აღარ].

„მეორე მოცემულობაში ასე მივიჩნიეთ საჭიროდ”, – თქვა პოლიციელმა.

„და ბატონმა ვაჟამ მიგითითათ, რომ არ ამოგეღოთ. გასაგებია”, – იყო ირაკლი აბესაძის რეპლიკა პოლიციელის ამ პასუხზე.