კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოსამართლე არევაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა:
„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია.
არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.
2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა. მას იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელსაც დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია.
სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივმა ადვოკატმა ელენე მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას, არამედ სრულიად საზოგადოებას ეხება და კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა კრიტიკულ ხმებს.
„ელენე ხოშტარია თავიდანვე არ აღიარებდა ამ სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მაინც არ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიცია იყო და მან აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ცალსახად არ ეხება ელენე ხოშტარიას და მის ბედს, ასევე, მისი 4 შვილის უდედოდ დატოვების საკითხს, ეს ეხება სრულიად საზოგადოებას. დღეს სისტემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ ექცევა ის კრიტიკულ ხმებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ისჯება ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ჯარიმით, სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი.
ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.
მანამდე კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.