ნეთანიაჰუ: შევქმნით პირობებს, რათა ირანის მამაცმა ხალხმა თავად გაითავისუფლოს თავი ტირანიის ბორკილებისგან

პუბლიკა

„მომდევნო დღეებში ჩვენ დავარტყამთ ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეს. ჩვენ შევქმნით პირობებს, რათა ირანის მამაცმა ხალხმა თავად გაითავისუფლოს თავი ტირანიის ბორკილებისგან. და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით: ირანის მოქალაქეებო, არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თაობაში მხოლოდ ერთხელ მოდის“,- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა.

„არ დანებდეთ, რადგან თქვენი მომენტი მალე დადგება. მომენტი, როცა ქუჩებში უნდა გამოხვიდეთ – მილიონობით ადამიანით – საქმის დასასრულებლად, ტერორის რეჟიმის დასამხობად, რომელმაც თქვენი ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. თქვენი ტანჯვა და მსხვერპლი ფუჭი არ იქნება. დახმარება, რომელსაც ელოდით, უკვე მოვიდა. დახმარება მოვიდა და ახლა დროა, გაერთიანდეთ ისტორიული მისიისთვის… “,- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე.

ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.

ირანი ადასტურებს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს. Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, ინფორმაციას, რომ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავიც მოკლულია. Times of Israel-ის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე მთავარ ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, გუშინ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნედ იქცნენ. ირანის სამთავრობო ტელევიზიამ ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის სიკვდილი.