„ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც:
- საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით;
„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
მოქმედი კოდექსით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოვიდეოგადაღება ხმის ჩაწერის გარეშე შეუძლია. მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს კომისიის სხდომებზე მონიტორინგის ცესკოს დადგენილებით განსაზღვრის შესაძლებლობას.
- საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
- განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმწის რეგისტრაციის პროცედურები.
„საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. იმავე პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში“, – წერია კანონპროექტში.
„საერთაშორისო დამკვირვებელი ბევრად უფრო პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება, როდესაც ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა კანონპროექტის წარმდგენმა დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
მოქმედ კოდექსში საერთაშორისო დამკვირვებლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის.
კოდექსში წერია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, რომელთაც შეიძლება, ახლდეს თარჯიმანი.