4 მარტს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ჩინური „ვალის ხაფანგში“ შეიყვანა.
„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართული ოცნების“ დიქტატურამ თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ჩასვა, რათა ებრძოლონ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფლება და კეთილდღეობა და არა ჩინური „ვალის ხაფანგის“ დიპლომატია ან რუსული ოლიგარქია. რუსეთი დიდი ხანია განიხილება, როგორც ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყარო.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება 2024 წლის გაყალბებული არჩევნების გზით ჩაიგდო ხელში, სწორედ ჩინეთი უზრუნველყოფს სათვალთვალო ტექნოლოგიების დიდ ნაწილს, პროპაგანდისტულ არხებსა და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მმართველობის გასაძლიერებლად და აღსასრულებლად.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიასა და „შუა დერეფანს“, რათა დაიცვას და მოახდინოს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია.
„ქართულმა ოცნებამ“, არსებითად, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და საკუთარი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომას „შუა დერეფანზე“ ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს“, – განაცხადა ჯო უილსონმა.
4 მარტს ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარი შეეხო ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების გავლენას ევროპასა და ამერიკაზე.
„მაშინ, როდესაც აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპაში ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის აგრესიაზე რეაგირებას დაუთმეს, მათ საშუალება მისცეს სხვა ავტორიტარულ ძალას, ფეხი მოეკიდებინა საკვანძო ეკონომიკურ სექტორებში, საჯარო ინსტიტუტებსა და კვლევით სფეროებში. ჩინეთისთვის უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა არის უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია ევროპის დასუსტება და მისი საკუთარ ხედვებზე მორგება. ამის მისაღწევად ჩინეთი სხვადასხვა მიდგომას იყენებს — ფარული პოლიტიკური გავლენიდან დაწყებული, მტაცებლური ინდუსტრიული პოლიტიკითა და ტრანსნაციონალური რეპრესიებით დასრულებული, რასაც თითოეული სამიზნე ქვეყნისა თუ ინსტიტუტის სპეციფიკას არგებს.
იმის დაშვება, რომ ჩინეთმა, აგრესიული რუსეთის დახმარებით, ისარგებლოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში არსებული ნაპრალებით და განამტკიცოს თავისი პოზიციები ევროპაში, საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს, ისე ნატოს ალიანსს. მიუხედავად ამისა, კონტინენტზე ბევრი მხოლოდ ახლა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ჩინურ ინტერესებსა და ინვესტიციებს სიფრთხილით უნდა შეხვდნენ, რადგან მათ ხშირად თან ახლავს უარყოფითი მხარეები ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობისთვის. ქვეყნები, რომლებმაც გამოცადეს რუსული ოკუპაცია, ყველაზე უკეთ აღიქვამენ სხვა ავტორიტარული ძალის მათ გარემოში დაშვების რისკებს; მათ შეუძლიათ ევროპისთვის მოდელად იქცნენ ისეთი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც დაიცავს ევროპელებს ჩინური ინვესტიციებისა და გავლენისგან მომდინარე გართულებებისგან.
[მოსმენა აფასებს] ჩინეთის მზარდ წვდომას საკვანძო სექტორებზე, მთავრობებსა და ინსტიტუტებზე მთელ ევროპაში, ისევე როგორც აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს ამ ტენდენციის შეჩერებაში. მოწმეები განიხილავენ იმ როლს, რომელიც აშშ-ს შეუძლია შეასრულოს მოკავშირეების მხარდასაჭერად, რათა მათ განამტკიცონ საკუთარი სისტემები იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩინეთი უქმნის კოლექტიურ უსაფრთხოებას და შექმნან უფრო ერთიანი გლობალური შემაკავებელი ფაქტორი ჩინეთისა და მისი ავტორიტარული პარტნიორების წინააღმდეგ.“