26 თებერვალს გამოცემა „The Hill“-ში გამოქვეყნებულ თვალსაზრისზე, რომელშიც საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზეა საუბარი, პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს.
„მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს, არის ქვეყნის ღალატი. მე ვფიქრობ, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ… ამ ტიპის ცრუ განცხადებები საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობისთვის. ყველაზე დიდი ტერორისტები ეს ადამიანები არიან, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს. ყველას, არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება, თუ ვინც ქვეყნის მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული … ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს, რომ ისინი არიან დაქირავებული ადამიანები. სხვა ქვეყნის სამსახურში.“ – განაცხადა კალაძემ.
26 თებერვალს ამერიკულ გამოცემა „The Hill“-ში გამოქვეყნდა თვალსაზრისი სათაურით – „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მასალაში გამოცემა Civil IDEA-ს ახალ ანგარიშზე წერს, რომელშიც საქართველოში ირანიდან იმპორტირებულ ნავთობზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 -მა კომპანიამ ირანიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა. იმპორტიორებს შორის არიან „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები.
„2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2025 წელს ირანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, თუ 2020 წელს, ირანიდან 1 346 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 2025 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი გაორმაგდა და 2 740 ტონა შეადგინა. 2020 წელს, ირანიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ღირებულება 683 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა და 2 413 000 აშშ დოლარს მიაღწია.“ — ვკითხულობთ კვლევაში.
„The Hill“-ში გამოქვეყნებული თვალსაზრისის ავტორი წერს, რომ „აშშ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ კაპიტალს დებს — შუამავლობს შეთანხმებებს, აფინანსებს ინფრასტრუქტურას და ცდილობს, შექმნას სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნები, რომლებიც რუსეთსა და ირანს გვერდს აუვლის.
თუმცა საქართველო, რომელიც ოდესღაც ამერიკის უახლოესი პარტნიორი იყო რეგიონში, ამ სტრატეგიას ძირს უთხრის, რადგან ქმნის სივრცეს მოწინააღმდეგეების გავლენისა და სანქციების გვერდის ავლისთვის.
ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თბილისს, რომ შედეგები მოჰყვება. ხაზინის დეპარტამენტმა აგრესიულად უნდა დაასანქციროს საქართველოში მოქმედი პირები და ორგანიზაციები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის სქემებში არიან ჩართულნი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ქსელები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არიან დაკავშირებული.
ამასთან ერთად, აშშ-მა სანქციების აღსრულება უნდა დააკავშიროს თბილისზე განახლებული ზეწოლით დემოკრატიული უკუსვლის გამო. გარემო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, დააშინოს მედია, დაასუსტოს მაკონტროლებელი ორგანიზაციები, არის იგივე გარემო, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ამარტივებს და გამოძიებას ართულებს.
ამერიკულ დიპლომატიურ გაფრთხილებებს რეალური ძალა რომ მიეცეს, ვაშინგტონმა უნდა გააფართოოს და მკაცრად განახორციელოს მიზნობრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების, პროპაგანდისტებისა და ფინანსისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, არჩევნების მანიპულაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
დასაწყისისთვის, ხაზინის დეპარტამენტმა უნდა გააგრძელოს 2024 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები და გამოავლინოს მისი აქტივები, რომლებიც, სავარაუდოდ, მან დამალა. ტელეანძის განათება იყო გზავნილი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოსაც უნდა გაუგზავნოს ძლიერი გზავნილი — არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით“ – ვკითხულობთ თვალსაზრისში, რომლის კონტრიბუტორი ავტორი ქეთი ქორქიაა. ის დემოკრატიების დაცვის ფონდის (FDD) რუსეთის პროგრამის ანალიტიკოსია. ქორქია რუსეთსა და მიმდებარე რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს.