ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და სხვა.
კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული სისტემური ძალისხმევის ნაწილი“.
ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო უგულებელყოფს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და კიდევ უფრო შორდება ევროკავშირში გაწევრების მიზანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული“.
„ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, რამაც გამოიწვია პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების უსამართლო დაკავება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კაია კალასი და მარტა კოსი მიუთითებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აქვს შედეგები“ – ისინი საუბრობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დიპლომატური და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის.
ევროკომისიამ დღეს, 6 მარტს საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის და მიზეზად დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევა დაასახელა.
შეზღუდვა ამ დროისთვის 12 თვით არის ამოქმედებული.
კაია კალასი და მარტა კოსი აცხადებენ, რომ „ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ იმ თანამშრომლობის სიღრმე და შინაარსი, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის“.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თანამიმდევრულად აჩვენეს თავიანთი ერთგულება საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიმართ, სთავაზობდნენ მას საიმედო მხარდაჭერას კრიტიკულ მომენტებში, მათ შორის ეს გამოიხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შექმნაში 2008 წლიდან.
ევროკავშირი იდგა საქართველოსა და მისი მოსახლეობის გვერდით ეკონომიკური კრიზისის დროს და უწევდა მას ფინანსურ დახმარებას.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეზღუდვები დააწესა ქართულ ექსპორტზე, ევროკავშირმა გააფართოვა სავაჭრო შესაძლებლობები ქართველი მწარმოებლებისთვის.
განსხვავებით საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისგან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა.
ასობით სტიპენდიის მეშვეობით ევროკავშირი მასპინძლობს ქართველ ახალგაზრდებს.
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ჩვენ გავუხსენით კარი საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გასაწევრებლად, როცა მას 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირი კვლავაც დაადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე.
საქართველოს ხელისუფლება ამ მრავალწლიან პარტნიორობას ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს და, სამწუხაროდ, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ გზას – მიზანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ამ ეტაპზე, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სტატუსით“.