საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას შეეძლო მკაცრი აკრძალვის გზით წასულიყო, მაგრამ აირჩიეს მოლაპარაკებების გზას, რისი შედეგიც არის ის, რომ დღეს ეკლესიების უმრავლესობაში დისტანცია დაცულია.
„რა თქმა უნდა, შეგვეძლო წავსულიყავით ძალიან მკაცრი აკრძალვის გზით, მაგრამ მორწმუნე საზოგადოებაც, არამორწმუნეები, ათეისტები ყველანი ვართ ერთი საზოგადოების შვილები და ბუნებრივია, ყველას აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როცა ეს ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს. აქ არის საუბარი მხოლოდ უმრავლესობის ეკლესიაზე, ლაპარაკია ზოგადად რწმენის თავისუფლებაზე და ყველა იმ რელიგიურ ჯგუფზე, რომლებიც მოქმედებს ქვეყანაში. ჩვენ წავედით არა აკრძალვის გზით, არამედ მოლაპარაკებების გზით და ამ მოლაპარაკებებმა მოგვცა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოს ეკლესიებში დაცულია დისტანცია, უმრავლესობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოზარ სუბარმა ომბუდსმენის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა.
„სახალხო დამცველის განცხადებებს ზოგჯერ მართლა ვერ ვიგებ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს, არ მიყვარს ხოლმე კომენტირება სახალხო დამცველის გამონათქვამებისა თუ ქმედებების, რაც უნდა მიუღებელი და გამაოგნებელი იყოს ჩემთვის. მაგრამ როდესაც ის აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნება, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ სახარებაში ასფიქსიით გარდაიცვალა სრულიად სხვა ადამიანი, ის, ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად. მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა. ეს დღე არის სწორედ დღეს. დღე, რომელმაც იხსნა კაცობრიობა, იხსნა თითოეული ადამიანის სული და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მკვდრეთით აღდგომითა და მიცვალებულთა ჯოჯოხეთიდან გამოხსნით. მესმის, რომ შეიძლება მას არ სწამდეს, არ სჯეროდეს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა. სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები და არ უნდა თქვას ისეთი რამე, რის გამოც შეიძლება უხერხულობაში აღმოჩნდეს თვითონ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.