4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეზე დღეს, 11 მარტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი თათარაშვილი დაიკითხა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის ბრალდებულებს – ბექა მაჭავარიანსა და მანუჩარ მიქელაძეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ის დილის 9 საათიდან ათონელის რეზიდენციაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. საღამოს 7 საათიდან კი, მისი თქმით, ვითარება დაიძაბა – სასახლესთან შეკრებილი ხალხი ეჯაჯგურებოდა კარებს.
მისი თქმით, სასახლის ღობის ჩამოგდების დროს ადგილზე იყო, აკავებდა „სასახლეში შეჭრის” მსურველებს, რა დროსაც მიიღო დაზიანებაც.
საქმის მასალების მიხედვით – ვიდეოს დათვალიერების ოქმში გიორგი თათარაშვილმა მიუთითა, რომ ბრალდებული ბექა მაჭავარიანი ურტყამს ფეხს, რომელიც მოხვდა გულმკერდის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მას ოქმში ასევე აღნიშნული აქვს, რომ მეორე ბრალდებულის მანუჩარ მიქელაძის მიერ მოქნეული ფეხიც მოხვდა გულმკერდის არეში, რა დროსაც ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
პროცესზე ასევე გამოიკვლიეს ბრალდებულების ბექა მაჭავარიანისა და მანუჩარ მიქელაძესთან დაკავშირებული ვიდეოები. მანუჩარ მიქელაძემ დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად ის არის, თუმცა აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომლების მხრიდან იყო გინება და პროვოკაცია და რომ მისი ქმედება სწორედ ამან განაპირობა.
„კი, ეს ნამდვილად მე ვარ, ვადასტურებ. ეს გამოიწვია თანამშრომელმა, რომელმაც აქ ფიცი დადო და ამ ფიცის ქვეშ ისინი იტყუებიან. ატყუებენ სასამართლოსაც, ატყუებენ საკუთარ თავსაც და გვატყუებენ ჩვენც… მათი მხრიდან იყო პროვოკაცია, გინება, ყვირილი – წადით თქვენი… დედები.. კარგები… და სხვა. რასაც თავად არ აღიარებენ, არ ამბობენ და მე გეუბნებით სიმართლეს, რაც იყო. კი, ვადასტურებ, მე მივაყენე შეურაცხყოფა თუ დაზიანება, თუ რაც არის, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. ეს თვითონ გამოიწვიეს. ეს მხოლოდ მან გამოიწვია, სხვას არავის შევხებივარ, მხოლოდ ერთ ადამიანს ვურტყამ, იმიტომ, რომ იყო პროვოკატორი და პასუხად მიიღო ის, რაც მიიღო. ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი ყველა. ასე მოიქცევა, როდესაც შეეხები ქართველ ადამიანს პირადში”, – განაცხადა მან.
13-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი. მათგან სამს ბრალად ორი მუხლი აქვს წარდგენილი, 10-ს კი ერთი მუხლი. კერძოდ:
ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, გიორგი კირვალიძეს:
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, კობა ეპიტაშვილი, საბა კორძაია:
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.